ერთსაათიანი ულტიმატუმის გასვლის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შემოვლისკენ მოუწოდა.
მანამდე ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ ერთსაათიანი ვადა მისცა რუსული კანონის საქართველოს პარლამენტიდან გასაწვევად და გუშინდელ აქციაზე დაპატიმრებულთა გასათავისუფლებლად.
„ეს მხდალები და ლაჩრები იმალებიან, არ გამოდიან კონტაქტზე. ისინი ცდიან ჩვენს გამძლეობას. ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ, არის რთული ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩვენ არ უნდა დავიღალოთ და უნდა დაიღალონ ისინი. ჩვენ გთავაზობთ, მშვიდობიანად და წყნარად, ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და შემოვარტყათ ალყა“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ, ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ. მოქალაქეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს.
ვაშაძემ ასევე თქვა, რომ ხვალ აპირებენ პარლამენტის სასესიო სხდომის ჩატარებას.
„ჩვენ მოგვიწევს, ყველამ ერთად არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ისინი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ“, — განაცხადა ვაშაძემ.
ამ დროისთვის პარლამენტის ვებ-გვერდზე არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია ხვალინდელი დღის წესრიგის შესახებ.