ახალი ამბები

სამსჯელოც არ უნდა იყოს, რომ დასავლური ინტეგრაციაა საქართველოს მომავალი – პროკურორი

8 მარტი, 2023 •
სამსჯელოც არ უნდა იყოს, რომ დასავლური ინტეგრაციაა საქართველოს მომავალი – პროკურორი

პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, დასავლური ინტეგრაცია რომ საქართველოს მომავალია, წესით, სამსჯელოც არ უნდა იყოს.

მისი თქმიც, ამაზე შეთანხმებაც კი საქმის მხოლოდ ნახევარია.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„საქმე ისაა, ვინ რას აკეთებს (ან არ აკეთებს) ამისათვის. ბოლო სამი და უფრო მეტად ბოლო წელია, საქმიდან გამომდინარე განსაკუთრებულად მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს დასავლელ პარტნიორებთან და ვიცი, რამდენ რესურსს ხარჯავენ ჩვენი განვითარებისათვის, სწავლებისათვის.

ევროპის საბჭო, ევროკავშირი, აშშ-ის საელჩო და იუსტიციის დეპარტამენტი, გაერო და მისი ორგანიზაციები – გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კიდევ ბევრი ორგანიზაცია, რომელთაც სრულად ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი. ყოველდღიურად ვცდილობ მათთან თანამშრომლობის გაღრმავებას ერთი მთავარი მიზნით – გვასწავლონ, გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, როგორ განვითარდნენ თვითონ, რომ განვითარების ეს გზა ჩვენ უფრო სწრაფად გავიაროთ. ისინიც გვეხმარებიან“, – წერს მირიან გელაშვილი.

მისი თქმით, ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთი ჩვენი მტერია, მტრის არც ცნობა იცის და არც განმარტება.

„არ მახსოვს, ბოლოს ისე ენთუზიაზმით რაზე გვიმუშავია მე და ჩემს გუნდს, როგორც ევროკავშირის კითხვარზე ვმუშაობდით. თითო წინადადებას კი არა, თითო სიტყვას განვიხილავდით, ღირსეულად რომ წარმოგვეჩინა ჩვენი პროგრესი და გვეჩვენებინა, რომ ზედა ლიგაში გადასვლა შეგვიძლია. გვინდა და შეგვიძლია. გრადაცია კი, მაგრამ ნეიტრალური ცნება სინათლესა და სიბნელეს შორის არ არსებობს, ამიტომ მაშფოთებს და ყოველთვის შემაშფოთებს ყველაფერი, რაც თუნდაც ჰიპოთეტურად ხელს უშლის ჩვენს ევროინტეგრაციას.

ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთი ჩვენი მტერია, მტრის არც ცნობა იცის და არც განმარტება. მტრის არმცნობი მოყვრის მგმობი კაცის პროტრეტი ჯერ კიდევ ილიამ დაგვიხატა და სულხან-საბა კიდევ ერთ პატარა აბზაცში გვასწავლის მტრის და მოყვრის გარჩევას: “ჰმართებს მტერობა სხვისი მამული რომ სხვას ეჭიროსო” და “არა ჰმართებს მტერობა ნავში მჯდომსა მენავისაო”. ეგ არის და გორის ციხე“, – წერს მირიან გელაშვილი.


7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

EU: ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანს

მასალების გადაბეჭდვის წესი