კომენტარი

რა თქვეს ვაშინგტონში შესაძლო სანქციებზე რუსულ კანონთან მიმართებაში

8 მარტი, 2023 • 2055
რა თქვეს ვაშინგტონში შესაძლო სანქციებზე რუსულ კანონთან მიმართებაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ აშშ-ს აქვს არაერთი ბერკეტი, რომელიც შესაძლებელს ხდის, პასუხისმგებლობა დააკისროს ყველა პირს, ვინც ადამინიას უნივერსალურ უფლებებს ზღუდავს.

ამის შესახებ ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც სანქციებს შეეხებოდა.

ნედ პრაისის თქმით, არსებობს ბევრი ნორმა, რომელსაც მხედველობაში მიიღებენ, რათა პასუხისმგებლობა დააკისრონ მათ, ვინც შესაძლოა ეწინაარმდეგებოდეს ქართველი ხალხის სურვილს:

„როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ ინდივიდებზე, ვინც შეიძლება გახდნენ აშშ-ის მთავრობის მხრიდან სანქცირებულნი, მაგრამ ჩვენ არაერთი ბერკეტი გვაქვს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, პასუხი მოვთხოვოთ ნებისმიერ პირს მსოფლიოს გარშემო, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლებების შეზღუდვაზე.

ძალიან ბევრი ნორმაა, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონსა და განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონტექსტში, მხედველობაში მივიღებთ, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ქართველი ხალხის სურვილს და იმას, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს საკუთარი უნივერსალური უფლებების ფარგლებში“, — აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი.


დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი