საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება.

განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღებით ქვეყანა ჩავარდება იმგვარ მდგომარეობაში, რომლის შემდგომაც ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოს პოზიციას და დააშორებს ევროკავშირში გაწევრიანებას:

„ჩვენ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ ,პირველი მოსმენით მიღების გამო.

ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია!“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები:

  • ნინო ბაციაშვილი,
  • ბელა ხოტენაშვილი,
  • ლელა ჯავახიშვილი,
  • მერი არაბიძე,
  • სალომე მელია