ახალი ამბები

ახლად არჩეულ სახალხო დამცველს აქციაზე კვერცხები ესროლეს

7 მარტი, 2023 • 3144
ახლად არჩეულ სახალხო დამცველს აქციაზე კვერცხები ესროლეს

ახლად არჩეულ სახალხო დამცველს, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა, მომიტინგეთა ნაწილი შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდა და კვერცხები ესროლეს.

იოსელიანის თქმით, ის ადგილზე ვითარების შესასწავლად მივიდა და პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ჰქონდა თუ არა ადგილი მანიფესტაციაზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას.

აქციაზე მისვლამდე ლევან იოსელიანმა განცხადება გაავრცელა და შსს-ს მოუწოდა, არ გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

საქართველოს პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად 96 ხმით, 0-ის წინააღმდეგ დღეს, 7 მარტს აირჩია.

ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. იოსელიანს მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“, „მოქალაქეებმა“ [ალეკო ელისაშვილი და თავად ლევან იოსელიანი], „გირჩმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ სრული შემადგენლობით, „რეფორმების ჯგუფის“ ორმა წევრმა (თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე), რომელიც სხდომას ესწრებოდა, ასევე, უფრაქციო დეპუტატებმა: ზაალ მიქელაძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, დილარ ხაბულიანმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა, ეკა სეფაშვილმა, გურამ მაჭარაშვილმა, თამარ კორძაიამ, დავით კაჭარავამ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ვიქტორ ჯაფარიძემ.

სხდომაზე დამსწრეთაგან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა შალვა შავგულიძემ, სალომე სამადაშვილმა, რომან გოცირიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას გუნდი „საქართველოსთვის“ სხდომას არ ესწრებოდნენ.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩიეს. ამავე სხდომაზე მას შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი