ახალი ამბები

„არ გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“ — ომბუდსმენი შსს-ს

7 მარტი, 2023 • 1042
„არ გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“ — ომბუდსმენი შსს-ს

ახლად არჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს:

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში.

ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ, მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის გვერდით მდებარე ჭიჭინაძის ქუჩაზე ცრემლსადენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა.

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული და მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს.

დაძაბული სიტუაციაა პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებზე: ჩიტაძესა და ჭიჭინაძეზე, სადაც მდებარეობს საკანონმდებლო ორგანოდან ავტომობილებით გამოსასვლელი კარები.

ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი მომიტინგეები. ამჟამად ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმია მობილიზებული. მომიტინგეები კი რუსთაველის გამზირზე დგანან.

ჭიჭინაძის ქუჩის ნახევარზე მომიტინგეები დგანან. დღეს, 7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა. პროტესტი სწორედ რუსულ კანონს მოჰყვა პარლამენტში. ევროკავშირის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც ქვეყანა კნაიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი