ახალი ამბები

შსს: პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ფარგლებს

7 მარტი, 2023 • 757
შსს: პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ფარგლებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“:

„მთელი დღის განმავლობაში, პოლიცია მობილიზებული იყო პარლამენტის შენობის წინ და უზრუნველყო საპროტესტო აქციის მშვიდობიანად წარმართვა. საღამოს, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამასთანავე, შეკრებილების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის სამართალდამცველთა მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლას.

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც პოლიციამ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, — ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული და მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას და წყლის ჭავლს იყენებს.

დაძაბული სიტუაციაა პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებზე: ჩიტაძესა და ჭიჭინაძეზე, სადაც მდებარეობს საკანონმდებლო ორგანოდან ავტომობილებით გამოსასვლელი კარები. ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი მომიტინგეები. ამჟამად ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმია მობილიზებული. მომიტინგეები კი რუსთაველის გამზირზე დგანან.

ჭიჭინაძის ქუჩის ნახევარზე მომიტინგეები დგანან. საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე დღეს, 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა. პროტესტი სწორედ რუსულ კანონს მოჰყვა პარლამენტში. ევროკავშირის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც ქვეყანა კნაიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი