საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონის ანალოგზე საუბრისას ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი აღარ ეკუთვნით უცხო ქვეყნის აგენტებს.
ამ საკითხზე ბერლინში მყოფმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას, ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს.
მე ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას, სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები, ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში”, — ციტირებს მას საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ღარიბაშვილის სიტყვებით, ამჟამინდელმა ოპოზიციამ, როცა ხელისუფლებაში იყო, “ოკუპანტს ქვეყნის 20% ჩააბარა” და “მთელ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები” გადასცა.
რა ხდება
უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.
მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.
კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.