ბლოგერი და მოგზაური, რეალითი შოუ „პრაიმჰაუსის“ გამარჯვებული გურამ შეროზია მიიჩნევს, რომ ვისაც ევროპას „ზედა მეზობელი“, ანუ რუსეთი ურჩევნია, ბნელი და ხეპრეა.
შეროზიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, კომენტარებში დაწერონ ევროპასთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულების შესახებ.
„2009 წელს პირველად წავედი ევროპაში. ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ფული არ მქონდა. ჰოდა, ვიპოვე დაფინანსებული კონფერენცია, გავიმარჯვე და წავედი.
პირველივე შთაბეჭდილება საოცრება იყო — წესრიგი, მენტალიტეტი, განათლების დონე, შეხედულებები, ადამიანების პატივისცემა და უფლებები, ბიზნეს მაინდი, ა.შ.
ყოველ გასვლაზე ვივსებოდი ახალი თვისებებით, ახლებურად მეხსნებოდა გონება, მეზრდებოდა შრომისმოყვარეობა და უფრო და უფრო დიდ გამოწვევებს ვეჭიდებოდი.
90-იანების პირმშო ვარ. მახსოვს, როგორ ვიყავით უხსენებლის ხელში და მის შემდეგ და როგორი გეზი ავიღეთ ევროპასთან დამეგობრების შემდეგ. მაღალფარდოვნების გარეშე, მარტივად ვიტყვი: ვისაც ევროპას “ზედა მეზობელი” ურჩევნია, უბრალოდ, ბნელი ხეპრეა, თან მავნებელი. დიალოგიც რომ აზრს კარგავს, ისეთი.
რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ ევროპას, უპირობოდ, ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის!
დაფიქსირდით კომენტარებში, მინდა ვიგრძნო, რომ არ ვართ ცოტა“, — წერს გურამ შეროზია, რომელსაც მხოლოდ ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
იუთუბერებსა და ბლოგერებს რუსულ კანონთან დაკავშირებით გუშინ, 6 მარტს მიმართა ასევე ცნობილმა იუთუბერმა და ინფლუენსერმა სოსო ნებიერიძემ.
„არ უნდა იქნას მიღებული არანაირი კანონი, რომელიც ამ მთავრობას თუ მომავალს მისცემს ბერკეტს, აგენტად შერაცხოს ადამიანი ან ორგანიზაცია განსხვავებული აზრისა და საქმიანობის გამო. ეს არის თავისუფლების შეზღუდვა. ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ უნდა დავბრუნდეთ“, — აცხადებს ნებიერიძე.
უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.
მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.
კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
- დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას — FC Dinamo
- „მივმართავ ბლოგერებს, იუთუბერებს – დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია“
- რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი
- „საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა“ — შოთა არველაძე