ახალი ამბები

„შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს“ — ს/კ გაგრა

6 მარტი, 2023 • 1138
„შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს“ — ს/კ გაგრა

საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ შემდეგ საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე პოსტს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს საფეხბურთო კლუბი „გაგრაც“.

„შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს, რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი.

რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.

რადგან მხოლოდ ევროპაა გზა – ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში, და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ.

რადგან თავად საქართველოა ევროპა!“ — წერს საფეხბურთო კლუბი.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო და უკვე საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი