ახალი ამბებიკომენტარი

რუსეთის რკინის ფარდაზე პასუხი მხოლოდ ევროინტეგრაცია შეიძლება იყოს | არჩილ იაკობაშვილი

5 მარტი, 2023 • 10211
რუსეთის რკინის ფარდაზე პასუხი მხოლოდ ევროინტეგრაცია შეიძლება იყოს | არჩილ იაკობაშვილი

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი

ევროპა ნიშნავს დამოუკიდებელი ერების მშვიდობიან თანაარსებობას სუბსიდარიტეტის პრინციპზე, ე.ი. დიდ საფრანგეთს და დიდ გერმანიას ზუსტად ერთი ხმა აქვთ, ისევე როგორც საშაულო ესპანეთს და საშუალო პოლონეთს, პატარა სლოვენიას და პატარა ესტონეთს, პაწაწუნა ლუქსემბურგს და პაწაწუნა მალტას.

ევროპა ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოებრიობას, სადაც ხელისუფლების წყაროა მხოლოდ ხალხის ძალა – რესპუბლიკა, მაგრამ არა სახელმწიფო ინსტიტუციების კონტროლი ჩრდილოვანი მმართველობის შესანარჩუნებლად.

ევროპა ნიშნავს სამოქალაქო-საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, სოციალურ დაცულობას, კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებას.

ევრო აგრეთვე ნიშნავს ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ თანასწორობას და პლურალიზმს, რომლის მოედანზეც თამაშის წესების თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ყველა შესაძლებელი იდეოლოგიები (კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ლიბერალიზმი, ეკოლოგიზმი, რადიკალიზმი, ნაციონალიზმი, ინტერნაციონალიზმი, მილიტარიზმი, პაციფიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ა.შ.).

ე.ი. ლიბერალური დემოკრატია წარმოადგენს პოლიტიკურ სისტემას (და არა განყენებულ იდეოლოგიას), რომლის ფარგლებში ლიბერალიზმი ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) იდეოლოგიაა კონკურირებად გარემოში, იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ლიბერალიზმი მომავლის კონსერვატიზმია, ხოლო თანამედროვე კონსერვატიზმი წარსულის ლიბერალიზმია განგრძობად პოლიტიკურ მემკვიდრეობაში – სხვა სიტყვებით, ლიბერალიზმი ნიშნავს პროგრესის შექმნას, ხოლო კონსერვატიზმი – პროგრესის შენახვას, მოვლას და გადაცემას მომავალი თაობებისთვის.

ამერიკის არქაული, უფრო სწორად ძირძველი ორპოლუსიანი დემოკრატიისგან განსხვავებით ევროპის ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტს ქმნიან სამოქალაქო საზოგადოებები, რომელთა ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში დასავლური დონორების და ფონდების ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა რუსეთის რკინის ფარდისგან გადასარჩენად ცივი ომის ეპოქაში.

უკრაინაზე თავდასხმის ფონზე რუსეთმა ახალი რკინის ფარდის დაშვება გამოაცხადა, რომელზეც, ჩემი აზრით, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ევროპის პასუხი იქნება მდუმარე თანხმობა, ოღონდ დასავლეთის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთისგან გამიჯნული ევროპის ფარგლებში, ე.ი. რკინის ფარდის დასავლეთით აუცილებლად მოექცნენ უკრაინა და მოლდოვა.

ევროპის კარი აგრეთვე ღიაა საქართველოსთვის, როგორც უნიკალური შესაძლებლობა რუსეთის რკინის ფარდისგან და ალესილი ნამგლისგან თავის დასაღწევად.

რა ხდება ამ დროს და ამის საპასუხოდ საქართველოში, სადაც პოლიტიკური ავტორიტარიზმის მნიშვნელოვნად გაძლიერება კიდევ ერთხელ დაადასტურა „The Economist Intelligence Unit“-ს ანგარიშმა, რომელმაც 2022 წელს  დემოკრატიის ხარისხის გაზომა სხვადასხვა ქვეყანაში.

აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დემოკრატიის ხარისხის ამაღლება წარმოუდგენელია არასამთავრობო სექტორის გარეშე, რომელიც თავის დანიშნულებით და ბუნებით შეიძლება იყოს მხოლოდ კრიტიკული, ურთიერთკონკურირებადი და მრავალფეროვანი, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა.

სამოქალაქო საზოგადოების ვერც ფინანსურად და ვერც ინტელექტუალურად ხელშეწყობა ვერ მოხდება ერთი მონოპოლისტის მიერ, რომელიც თავის მხრივ ჩრდილოვან მმართველობასთან ასოცირდება.

სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელია ავტორიტარიზმის დაძლევა და პირიქით, შეიცავს ავტორიტარიზმის ჩაბეტონების და დიქტატურის გაფორმების მნიშვნელოვან რისკებს.

არასამთავრობო სექტორის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტის, მთავარი სარგებლიანობა მის მიერ განხორციელებული პროექტების მრავალფეროვნებასა და კრიტიკულობაშია, ხოლო არსი – მათი წარმომადგენლების ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერის კონკურენტულობაში, რომლის ერთი მონოპოლისტური დონორით ჩანაცვლების მცდელობაც კი „კომიკური დიქტატურისკენ“ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი