“საქართველოს ახალგაზრდა ელჩების” პროგრამის 19 მონაწილე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს აკრიტიკებს.
მათი სიტყვებით, ამ კანონპროექტით ქვეყანა დემოკრატიულობისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
“ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2022 წლებში, წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ინტერესებსა და ევროპულ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
თითოეული ჩვენგანის საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ნაკარნახევი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულით და სურვილით, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, თავისი გამორჩეული კულტურითა და ისტორიით გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის.
დღეს, ამ კანონპროექტის მიღებით, ვდგავართ დემოკრატიულობისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ კანონი ‘’უცხოური გავლენის აგენტების’’ შესახებ შეზღუდავს როგორც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მედია-ორგანიზაციებს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ საკანონმდებლო პროექტს და საფრთხის ქვეშ არ დააყენოს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან გაერთიანების პერსპექტივა”, — ნათქვამია განცხადებაში.
[toggle title=”ნახეთ ხელმომწერთა სია”]
- რუსუდან მარგიანი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში, 2019-2020 წლებში.
- მერი უღრელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2018-2019 წლებში.
- სალომე სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2014-2015; 2019-2020 წლებში.
- ნენო გაბელია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში.
- ლიკა ჯანელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში.
- ქეთი არჩაია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2016-2017 წლებში.
- მარიამ შონია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2019-2020 წლებში.
- ლუკა გურგენიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთის სამეფოში, 2019-2020 წლებში.
- მარიამ თაყნიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში.
- დავით ხუბუა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში.
- ანა ლეჟავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2016-2017 წლებში.
- მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, 2014-2015
- გიორგი მჭედლიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში.
- მაკა ბერულავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვაში, 2022-2023 წლებში.
- თამარ ჟუჟუნაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, 2016-2017 წლებში.
- თამარ არველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესპანეთის სამეფოში, 2018-2019 წლებში.
- სოფო ქევხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, 2018-2019 წლებში.
- ნინო ახალშენიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, 2018-2020 წლებში.
- თამარ ახალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, 2022-2023 წლებში.
[/toggle]
განცხადების ხელმომწერები სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამაში, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ერთი წლით გახდნენ “ახალგაზრდა ელჩები” და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
რა ხდება
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
