ახალი ამბები

ორშაბათს პარლამენტთან დილიდან გაიმართება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

4 მარტი, 2023 • 1591
ორშაბათს პარლამენტთან დილიდან გაიმართება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

ორშაბათს, 6 მარტს, დილის 9 საათზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება “უცხოელი გავლენის აგენტებზე” რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელსაც ამჟამად იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

“რუსული კანონის მორიგი საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, დილის 9:30-ზე იწყება! რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა შევაცილოთ სირცხვილის დერეფნით! მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღება არ გამოუვათ. მათ უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში ისინი მშვიდი სინდისით ვერ ისეირნებენ! დავიწყოთ ორშაბათის დილა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად! გელოდებით ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, დილის 9 საათზე. აქციაზე არ გვექნება სიტყვით გამოსვლები! გთხოვთ, აქციაზე წამომსვლელებმა თან იქონიოთ სასტვენები, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები არიან: ტალღა, “ჯიუტი” და მწვანეები.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი