ახალი ამბები

„საქართველოსთვის“ აინიციირებს კანონპროექტს რუსეთის გავლენების გამოაშკარავების შესახებ

1 მარტი, 2023 • 819
„საქართველოსთვის“ აინიციირებს კანონპროექტს რუსეთის გავლენების გამოაშკარავების შესახებ

პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ისინი აინიციირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში რუსეთის გავლენის გამოაშკარავებაა.

დღეს, 1 მარტს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს და ოკუპანტ ქვეყანა რუსეთს და ქვეყნის პარტნიორებს ერთ სიბრტყეზე აყენებს.

„ყველა სახელისუფლებო ორგანოს, მათ შორის პარლამენტის, ვალდებულებაა, ყველაფერი შეასრულოს ამ მიზნის მიღწევისთვის. ხელისუფლება კი მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ სახელმწიფოს, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს. ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის. ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება.

ამიტომ პარტიის „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი ჩვენი გეგმის შესაბამისად ვაინიციირებთ კანონის პროექტს ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მისი მიზანი კი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შესაძლოა მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს – მტერს დაარქვას მტერი“ ,— აცხადებს ის.

ის დასძენს, რომ „ოცნება“ ცდილობს კანონის სახელით ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება შეწყდეს, საქართველომ დაკარგოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები.

„ეყოთ გამბედაობა, მტერი დაუძახონ რუსეთს“, — ამბობს ლილუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი