ახალი ამბები

„ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის ომის გამოძიებას ითხოვენ

28 თებერვალი, 2023 •
„ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის ომის გამოძიებას ითხოვენ

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობა გააგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით „სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებები“ გამოიძიოს და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია.

ინჯიას თქმით, „ევროპელი სოციალისტების“ მიეერ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან, გავიდა ნახევარ თვეზე მეტი, მაგრამ უმრავლესობას არც კი განუხილავს მათი წინადადება და არ უმსჯელია ამ საკითხზე:

„ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია. ადამიანებს, რომლებიც დღესაც საქართველოს ომში გახვევას ცდილობენ, 2008 წლის უმძიმესი დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეთ“, — აცხადებს ფრიდონ ინჯია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი მოვლენების გამოძიებას ემხრობა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, თუმცა უცნობია, ეს საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაა თუ არა. მდინარაძე ამბობს, რომ ის, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, მსგავს გამოძიებას დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს. როგორც ის ამბობს, მისთვის არაერთი რამ გაურკვეველია ამ ომთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი