ახალი ამბები

ლევან იოსელიანი „მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი იქნება

28 თებერვალი, 2023 •
ლევან იოსელიანი „მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი იქნება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლდიერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 28 თებერვალს განაცხადა. ელისაშვილის თქმით, იოსელიანი ის კანდიდატია, რომელიც შეძლებს, 90-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს:

„ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს იმის უნარები, იმის ცოდნა და შესაძლებლობა, რომ 90 ხმა და უფრო მეტი მიიღოს. მე მინდა წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად. გარკვეული კონსულტაცია გვქონდა მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან. ლევან იოსელიანი იყო ადვოკატი და დაკავებული იყო ადამიანის უფლებების დაცვით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, „მოქალაქეებისთვის“ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შანსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სახით და ხაზს უსვამს, რომ 12- პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ომბუდსმენის კანდიდატთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევაა:

„ევროკავშირმა კონკრეტული დავალება მოგვცა და გვითხრა, აგერ 12 პუნქტი, რომელიც ერთობლივად უნდა შესრულდეს, როგორც არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი მმართველ პარტიას და ოპოზიციას და მმართველი პარტია როგორც არ უნდა აყირავებდეს იმ ნავს, რომელმაც ევროკავშირისკენ უნდა მიგვიყვანოს, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიან ძალას მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარ თავთან და ქვეყანასთან, მომავალთან ვიყოთ პირნათელი.

ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, ვინაიდან ვიცით, რომ ვერც ერთი პარტია კანდიდატის დამოუკიდებლად გაყვანას ვერ შეძლებს და ვერ შეძლო კანდიდატის გაყვანა. პირველი მცდელობა ამაო იყო და ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როდის გამოცხადდება და რა წესით მოხდება შერჩევა, ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის სწორი“, — ამბობს ელისაშვილი.

საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველი ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს უნდა აერჩია.


2022 წლის 22 დეკემბერს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა  ვერ მოახერხა, აერჩია ახალი სახალხო დამცველი და, შესაბამისად, ამ ეტაპზევე შეესრულებინა ევროკომისიის მე-12 რეკომენდაცია.

ომბუდსმენის მოვალეობას ნინო ლომჯარიას პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე გააგრძელებს მანამ, სანამ პარლამენტი ახალ კანდიდატზე არ შეთანხმდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს თავიდანვე შესთავაზეს 3 კანდიდატი, რომლებსაც მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. ესენი იყვნენ

  • ანა აბაშიძე,
  • ნაზი ჯანეზაშვილი,
  • გიორგი ბურჯანაძე.

„ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველად განაცხადა, რომ მზად იყო, ემსჯელა სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, გარდა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანი აბაშიძისა, თუმცა შემდეგ ოპოზიციას შესთავაზა სახალხო დამცველის არჩევა 5 კანდიდატიდან, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძე ყოფილა.

„ოცნების“ შეთავაზებული 5 კანდიდატი იყო:

  • ლელა გაფრინდაშვილი
  • თინათინ ერქვანია
  • ნუგზარ კოხრეიძე
  • გიორგი მარიამიძე
  • ქეთევან ჩაჩავა.

მათ კანდიდატურებს ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი