ახალი ამბები

კონდოლიზა რაისი და ფიონა ჰილი 2008 წლის ომსა და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე

28 თებერვალი, 2023 •
კონდოლიზა რაისი და ფიონა ჰილი 2008 წლის ომსა და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების ყოფილმა დირექტორმა ფიონა ჰილმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.

„ძალიან შეწუხებული ვარ საქართველოს გამო. ჩვენ დავკარგეთ ფოკუსი საქართველოზე. ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პრესის თავისუფლების გამოწვევებზე საპასუხოდ. მინდა, საქართველო დაბრუნდეს შეერთებული შტატების დღის წესრიგში. ჩვენ  ბევრ რამეს მივაღწიეთ 2008-2010 წლებში საქართველოში, თუმცა ეს მიღწევები შემობრუნდა და ამაზე უნდა ვიღელვოთ“, — განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

ფიონა ჰილმა საქართველო მოიყვანა როგორც მაგალითი, თუ რა სურს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გრძელვადიანი მიზნების განსახორციელებლად. მან თქვა, რომ თუ რუსეთი ვერ მიაღწევს სასურველ გამარჯვებას უკრაინასთან ბრძოლის ველზე, მიზნის მისაღწევად სხვა თამაშს აირჩევს.

„მიხეილ სააკაშვილი ახლა ციხეშია და მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია. მან დატოვა ხელისუფლება 2013 წელს და საქართველომ სულ სხვა მიმართულებით გადადგა ნაბიჯები. პუტინი აქედან დასკვნას გამოიტანს, რომ თუ ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე [უკრაინაში], შეიძლება, დროთა განმავლობაში მიაღწიოს მიზანს. ჩვენ უკვე აღარ ვლაპარაკობთ საქართველოზე ისე, როგორც ვლაპარაკობდით ადრე. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა.

ათეულობით წლების შემდეგ საქართველო გახდა სხვა ადგილი. ადგილი, რომელიც კომფორტულია პუტინისთვის, რადგან ის არის დაუცველი და სუსტი. და უკვე აღარ შეუძლია იყოს დემოკრატიის შუქურა, რომელსაც ვარეკლამებდით 2008 წელს. უკრაინის შემთხვევაშიც, თუ ვერ მოიგებს ბრძოლის ველზე, დაელოდება სხვა თამაშს, რომელშიც შეძლებს, დაასუსტოს უკრაინა და დროთა განმავლობაში გაბატონდეს მასზე“, — განაცხადა ფიონა ჰილმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ რუსი სამშვიდობოების სახით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად იყო დაძაბულობის კერა და მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებდა, არ წამოეგებოდა მათ პროვოკაციას.

„თუმცა, სამწუხაროდ, პროვოკაციას წამოეგნენ და ცეცხლი გაუხსნეს რუს სამშვიდობოებს. პირველი, რაც მაშინ გავიფიქრე, რატომ მოუვიდა ოდესმე ვინმეს თავში აზრად, რუსი სამშვიდობოები ჩაეყენებინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა შენ არ ირჩევ საქმის გარემოებებს. ეს იყო არსებული ვითარება და შემდეგ უნდა გადაწყვიტო, რა შეგიძლია გააკეთო და რა არ შეგიძლია.

ჩვენ არ ვაპირებდით გამოგვეყენებინა ამერიკის შეიარაღებული ძალები რუსების წინააღმდეგ. მე მახსოვს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრა. ყველა ბზრიალებდა, ტესტოსტერონი ტრიალებდა მაგიდის ირგვლივ.  ჩემმა კოლეგამ სტივ ჰედლიმ (პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) იკითხა: რას ვამბობთ, რომ ომში წავალთ რუსეთის წინააღმდეგ? დასაშვებობის ლიმიტები უნდა გააცნობიერო და შემდეგ დასახო მიზნები.

ჩვენი პრინციპული მიზანი იყო, საქართველო დარჩენილიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტთან ერთად და რუსეთის ჯარი არ შესულიყო თბილისში. ამას მივაღწიეთ“, — განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

სტივენ ჰედლიმ, რომელიც სპიკერებს შორის იყო შეხვედრაზე, ისტორიული ჩანაწერებისთვის იკითხა, ვინმე აძლევდა თუ არა რეკომენდაციას პრეზიდენტს, აშშ-ის შეიარაღებული ძალები გამოეყენებინა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში.

„პრეზიდენტმა ისე შემომხედა, თითქოს შეშლილი ვიყავი. მე ვნერვიულობდიო პოსტადმინისტრაციის მემუარებზე, როდესაც ადამიანები წერენ, პრეზიდენტს ვურჩიე, უფრო მკაცრები ვყოფილიყავითო. ვიცე-პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც თქვა, რომ არა, არ ვუწევ ძალის გამოყენებას რეკომენდაციასო. მაგრამ ჩვენ გავაგზავნეთ სიგნალი, რომ სამხედრო შესაძლებლობა მაგიდაზე იდო“, — განაცხადა ჰედლიმ.

კონდოლიზა რაისის თქმით, გამაფრთხილებელ სიგნალებს შორის იყო ისიც, რომ იმ პერიოდში აშშ-მა დააბრუნა ქართველი ჯარისკაცები ერაყიდან, ორი საესკადრო ნაღმოსანი გემი ჰყავდა შავ ზღვაში და გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი სამხედრო საშუალებებით.

რაისის თქმით, მეტის გაკეთება შეიძლებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების მიმართულებით, მაგრამ მაშინ იყო ფინანსური კრიზისი და ქვეყნებს არ სურდათ სანქციების განხილვა ფინანსური კრიზისის დროს.

„მე ვესაუბრე სერგეი ლავროვს, რომელიც შეეცადა საიდუმლო შეთანხმების მიღწევას, რომელიც სააკაშვილის მოცილებას ითვალისწინებდა. ვუთხარი: სერგეი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეიძლება ჰქონდეთ საიდუმლო საუბარი დემოკრატიულად არჩეული ლიდერის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ვფიქრობ, ჩვენ შევაჩერეთ ისინი, თბილისზე რომ არ გაწეულიყვნენ. ეს მიღწევა იყო“, — განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

ფიონა ჰილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დასავლეთში ძალიან ცუდად იცნობდნენ პუტინს და ცოტა რამ იცოდნენ მისი იმპერიული განზრახვების შესახებ.

„ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით ერთ საკითხზე — საქართველოზე, მაგრამ პუტინს ჰქონდა გაცილებით დიდი კომპლექტი, უკრაინის ჩათვლით. დაზვერვის სამსახურში მაშინაც ფიქრობდნენ, რომ ყირიმში შეიჭრებოდა. მთლიანად უკრაინაზე არ ვსაუბრობდით. პრეზიდენტმა იუშჩენკომ, როდესაც ნახა, რა მოხდა საქართველოში, უკან დაიხია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე გაუხანგრძლივა რუსეთის ფლოტს სევასტოპოლში ყოფნა. ისინიც ხედავდნენ ტენდენციებს, რასაც ჩვენ.

2008 წელს, პუტინმა შეძლო, ყველაფერი წარმოეჩინა, როგორც მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოება. მან ნამდვილად შეიტყუა სააკაშვილი ხაფანგში. მახსოვს, პრეზიდენტმა ბუშმა ისიც თქვა, კონდიმ სააკაშვილს ათასჯერ უთხრა, არ გაეკეთებინა ეს, რაზე ფიქრობდაო? მაშინ ვერ შევაფასეთ, რომ პუტინს გაცილებით დიდი დღის წესრიგი ჰქონდა და მრავალი თვალსაზრისით საშუალება მივეცით, წინ წაწეულიყო ამ დღის წესრიგში“, — დასძინა ფიონა ჰილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი