ახალი ამბები

არ ვიცი, მეტი ევროპული მხარდაჭერის გარეშე მეტის გაკეთება თუ შეგვეძლო – რაისი 2008 წელზე

21 თებერვალი, 2022 • 1879
არ ვიცი, მეტი ევროპული მხარდაჭერის გარეშე მეტის გაკეთება თუ შეგვეძლო – რაისი 2008 წელზე

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ 2008 წელს შეერთებულმა შტატებმა რაც შეეძლო, ყველაფერი იღონა საქართველოში რუსეთის შეჭრისგან თავის ასარიდებლად და არ იცის, „მეტი ევროპული მხარდაჭერის გარეშე თუ შეიძლებოდა მეტის გაკეთება“.

CNN-ის წამყვანმა, ფარიდ ზაქარიამ კონდოლიზა რაისს 20 თებერვალს ინტერვიუში ჰკითხა მოსაზრება გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნელის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სარედაქციო სვეტზე. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამჟამად კრიზისის მომსწრენი ვართ, არის ის, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ადეკვატურად არ უპასუხა რუსეთის შეჭრას საქართველოში. რაისის პასუხი ასეთი იყო:

„პირველი საკითხი ის არის, რომ ჩვენ ვცადეთ, ამისთვის [2008 წლის შეჭრისთვის] თავი აგვერიდებინა… ვინც გადაწყვიტა, რომ რუსი სამშვიდობოები ჩაეყენებინა აფხაზეთსა და [სამხრეთ] ოსეთში, როგორც ეუთოს სამშვიდობო ძალების ნაწილი, საშინელი შეცდომა დაუშვა. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ჩვენ ვცადეთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, გერმანიის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მიგვეღწია რაიმე სახის შეთანხმებისთვის, რათა ტემპერატურა დაგვეწია. მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი, რუსები ეცდებიან თქვენს პროვოცირებას, არ მისცე ამის საშუალება-მეთქი. და მართლაც, რუსებმა მოახდინეს მათი პროვოცირება და ომი დაიწყო.

როდესაც ეს ხდება, შეერთებული შტატები ძალიან რთულ პოზიციაშია. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ რუსეთთან ომში ჩავებათ საქართველოს გამო. ასე რომ, ჩვენ ვცადეთ, გაგვეძლიერებინა საქართველოს ძალები, – მათ ჰყავდათ ძალები ერაყში, ჩვენ ჩამოვიყვანეთ ისინი; გამოვიყენეთ გარკვეული წვრთნები შავ ზღვაში და მის გარშემო, რათა გვეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა ქართველების მიმართ.

შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსებს შესაძლოა თბილისზეც [თბილისის აღებაზეც] ეფიქრათ“.

აქ კონდოლიზა რაისმა გაიხსენა თავის მემუარებში (და შემდეგ მედიაში) არაერთგზის აღწერილი ზარი სერგეი ლავროვთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც, რაისის თანახმად, ლავროვმა სამი პირობა წამოაყენა.

რაისის თანახმად, პირველი ორი პირობა გულისხმობდა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ 1) სამხედროები ყაზარმებში დაებრუნებინა და 2) ხელი მოეწერა ძალის არგამოყენების ვალდებულებისთვის.

„შემდეგ მითხრა, ეს ჩვენ შორის დარჩესო: „მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს“. მე ვუპასუხე, „სერგეი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ საუბრობენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაგდებაზე. და ყველას ვეტყვი, რომ ეს არის შენი ერთ-ერთი პირობა“. და ასეც მოვიქეცი. ამის შემდეგ  ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. მაგრამ ვფიქრობ, ფაქტი, რომ მათ სურდათ საქართველოს მთავრობის დამხობა და ჩვენ ეს ფაქტი გავაშიშვლეთ, ძალიან მნიშნვლოვანია იმ ლიმიტის დასანახად, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

კონდოლიზა რაისი ასევე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის დახმარებით რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიეს, „გამოვყავით მილიარდი დოლარი ქართველების მხარდასაჭერად“. ასევე, შტატებმა დაიწყო „სანქციების დაწესების მცდელობები“.

„მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, ევროპელები იქ არ ყოფილან“, – განაცხადა რაისმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ შტატებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, „იმ მცირე რაოდენობით სანქციებმა, რაც ძალაში იყო, დაიწყო ეროზია“ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მთავრობასთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში

„თუმცა არავის არაფერს ვაბრალებ, „გადატვირთვა“ ალბათ კარგი მცდელობა იყო, იმის გათვალისიწნებით, რომ მედვედევმა ჩაანაცვლა პუტინი, – დროებით. მაგრამ, ჩემი აზრით, გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. არ ვიცი, უფრო ძლიერი ევროპული მხარდამჭერის გარეშე უფრო მეტის გაკეთება თუ შეგვეძლო. ყველაფრის მიუხედავად, საქართველო გადარჩა“, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

სააკაშვილის კომენტარი იმავე ეპიზოდზე

კონდოლიზა რაისს ადრეც უსაუბრია 2008 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ და მედიაში მის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილის კომენტარებიც იძებნება. მაგალითად, 2019 წელს, IWPR-თან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა:

„[2008 წლისთვის] მე ვიკითხე „რა მოხდება, თუ თავს დაგვესხმებიან?“ ეს ვკითხე კონდოლიზასაც, სხვებსაც, მაგრამ ისინი მპასუხობდნენ – არა, თავს არ დაგესხმებიან. თავის წიგნში კონდოლიზა რაისმა გარკვეული დეტალები საკუთარ ნარატივს მოარგო. ის ამბობს, „სააკაშვილს ვაფრთხილებდი, არ ჩარეულიყოო“ – ეს სიმართლე არ არის. 20 კაცი მაინც იჯდა იმ მაგიდასთან იმ დღეს და ისინი დამემოწმებიან. ის ამბობდა: „არ წამოეგოთ პროვოკაციას“. „კარგი, კონდი, არ წამოვეგებით, მაგრამ რა მოხდება, თუ თავს დაგვესხმებიან?“ „არ დაგესხმებიან“ – იყო პასუხი.

მე ვიკითხე „რა მოხდება, თუ ისინი პროვოკაციას არ დასჯერდებიან, თუ პირდაპირ დაგვესხმებიან? რა გავაკეთოთ მაშინ? სად გადის თქვენი წითელი ხაზი?“ მან მიპასუხა: „არა, ამას არ გააკეთებენ, მშვიდად იყავით“. ეს ყველაფერი რუსებს მშვენივრად ესმოდათ. შემდგომი საუბრისას კონდიმ თქვა: „მიშა, ჩვენ არ გვესმოდა, თუ რამხელა ფსონს ჩამოდიოდნენ ამ რეგიონში რუსები, ეს ბევრად უფრო მაღალი ფსონია, ვიდრე ჩვენ გვაქვს და ისინი სწორედ ამას იყენებენ“ [სააკაშვილთან ინტერვიუს ფრაგმენტის თარგმანი – civil.ge].


ეს კომენტარები კონდოლიზა რაისმა უკრაინაში ვითარების დაძაბვის ფონზე გააკეთა.

20 თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები:

  • უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს. 
  • აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას. ამასთანავე, CBS წყაროზე დაყრნობით ამბობს, რომ აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსულმა სამხედრო მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის გაგრძელების ბრძანება მიიღეს.
  • რაც შეეხება უკრაინას, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფს და ამატებს, რომ უკრაინა „სიჩუმის რეჟიმზე“ გადადის. 
  • რუსეთმა და ბელარუსმა გაახანგრძლივა ერთობლივი სამხედრო წვრთნები. აღნიშნული წვრთნები ბელარუსში, უკრაინის საზღვართან მიმდინარეობს. ის 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა,  ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები გაგრძელდება „დონბასში ვითარების გამწვავების გამო“.
  • 20 თებერვლის დილას უკრაინამ თქვა, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, დონბასში რუსეთმა ცეცხლი 136-ჯერ გახსნა, დაიღუპა 2 სამხედრო, დაშავდა 4.

მასალების გადაბეჭდვის წესი