კომენტარი

2008-ში შეცდომა დავუშვით, გვეგონა, რომ სააკაშვილის გამო ხდებოდა – ფიონა ჰილი

20 აპრილი, 2022 • 8249
2008-ში შეცდომა დავუშვით, გვეგონა, რომ სააკაშვილის გამო ხდებოდა – ფიონა ჰილი

შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი ფიონა ჰილი აცხადებს, რომ დასავლეთს რუსეთთან დაკავშირებით არაერთი შეცდომა აქვს დაშვებული, რამაც საბოლოოდ, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა გამოიწვია.

ფიონა ჰილმა, რომელიც 2017-19 წლებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორი იყო ევროპისა და რუსეთის საკითხებში, 19 აპრილს, ანალიტიკურ გადაცემა Unlocked-თან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა:

„ვფიქრობ, ბევრი შეცდომა დავუშვით საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან შეფასების დიდი ნაწილი იყო, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა. იგი ყველას აღიზიანებდა… იყო შეგრძნება, რომ ეს რაღაც პირადი [დაპირისპირება] იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, ეს ასე არ ყოფილა და უფრო ფართო საკითხი იყო“.

ფიონა ჰილმა, რომელიც 2006-09 წლებში იყო შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, ასე დაიწყო პასუხის გაცემა ინტერვიუერის კითხვაზე, „იყო თუ არა პუტინის რეჟიმის პერიოდში რაიმე წერტილი, როდესაც შეგვეძლო, თავიდან აგვერიდებინა ვითარების ასე განვითარება; იყო თუ არა მომენტი, როდესაც შეცდომა დავუშვით, რამაც, ასე ვთქვათ, მოიტანა ის, რაც შემდეგ მოხდა“.

საქართველოსა და სააკაშვილის ხსენების შემდეგ ფიონა ჰილმა განაცხადა:

„ვფიქრობ, გაერთიანებულ სამეფოს უფრო ძლიერი პასუხი რომ გაეცა ლიტვინენკოს საქმეზე, – როდესაც ის პოლონიუმით მოწამლეს, – და რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულებრივად არ გაეგრძელებინა“…

მან ასევე გაიხსენა ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლა, რის შემდეგაც, მისი თქმით, „ფრანგებსა და გერმანელებს არ სურდათ უშიშფოების ოფიცრების [აგენტების] გაძევება“:

„სოლსბერიში რაც მოხდა, – იმ ფლაკონში, რითაც სკრიპალები მოწამლეს, 4000 ადამიანის დასახოცად სამყოფი „ნოვიჩოკი“ [ნერვული აგენტი] იყო მოთავსებული… მთელი სოლსბერის ამოხოცვა შეეძლო“.

„ჩვენ არ გვიპასუხია ისე მკაცრად, როგორც საჭირო იყო. ურთიერთობა ისე გავაგრძელეთ, თითქოს არაფერი შეცვლილა. და იგივე მოხდა შეერთებულ შტატებშიც“, – განაცხადა ჰილმა, რომელიც ბრიტანეთშია დაბადებული.


რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა, რის შემდეგაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მოგვიანებით, 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, უჭერდა მხარს სეპარატისტებს დონბასში. 2022 წლის 24 თებერვალს კი სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი