ახალი ამბები

ბრეგაძის თქმით, EU-ს ელჩთან შეხვედრაზე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა

27 თებერვალი, 2023 • 1376
ბრეგაძის თქმით, EU-ს ელჩთან შეხვედრაზე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც პაველ ჰერჩინსკიმ 27 წევრი სახელმწიფოს სახელით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დემარში [ოფიციალური გზავნილი] გადასცა, საუბარი არ ყოფილა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაზე. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს ფეისბუკზე დაწერა:

“დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე”, – აღნიშნა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, შეხვედრას, რომელსაც ასევე ესწრებოდა შვედეთის ელჩი, რატი ბრეგაძეს გადასცეს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საერთო დემარში სააკაშვილის შესახებ, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნები ბრიუსელში შეთანხმდნენ.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ჰქონდათ “ძალიან ღია და გულწრფელი” საუბარი. მას წარუდგინეს ევროკავშირის პოზიცია, იუსტიციის მინისტრმა კი აცნობა იმ სამუშაოების შესახებ, რასაც “მთავრობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესანარჩუნებლად” აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი