ახალი ამბები

შეწყდეს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა – ევანგელური ეკლესიები

27 თებერვალი, 2023 • 744
შეწყდეს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა –  ევანგელური ეკლესიები

საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალ ევანგელურ ეკლესიების განხცხადებით, თუ პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის შესახებ“კანონად იქცევა ,ეს იქონიებს მკვეთრად ნეგატიურ გავლენას.

ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„კანონპროექტის მიხედვით, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მთლიანი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირი არ არის, ორგანიზაციას ევალება დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური გავლენის აგენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 25 000 ლარით. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამშრომლების-ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები.

საქართველოს ევანგელური ალიანსი აფიქსირებს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აღნიშნული კანონპროექტისადმი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა იმთავითვე გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას. კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს და მთლიანად საზოგადოებას“, – ნათქვამია საქართველოს ევანგელური ალიანსის განცხადებაში.

ევენაგელური ალიანსის განცხადებით, ქვეყანა იბრძვის საერთაშორისო თანამეგობრობაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა თავისუფალი, ტოლერანტული საზოგადოების განვითარება. აღნიშნული კანონპროექტი კი, მათი თქმით, წინააღმდეგობაში მოდის ამ ხედვასთან და ქვეყანას აბრუნებს ტოტალური კონტროლის სფეროში.

„გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს: შეწყდეს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და არ დაუშვათ აღნიშნული კანონპროექტს კანონად ქცევა“, – ნათქვამია საქართველოს ევანგელური ალიანსის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი