მინერალური წყლის კომპანია „საირმის“ თანამშრომლები უკვე მე-14 დღეა, გაფიცულები არიან. მათ დღეს, 26 თებერვალს, საწარმოს შესასვლელთან აქცია გამართეს და თავიანთ მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

ისინი ხელფასების გაზრდას, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„აქ შეკრებილები არ ვაპირებთ შესვლას და მუშაობის დაწყებას, სანამ ჩვენი პირობები არ დაკმაყოფილდება. აქამდე მუშაობა რთულ პირობებში გვიწევდა — ყინვაში, სიცივეში. ჩვენ თვითონ გვიწევდა სამუშაო აპარატების შეკეთება, არ იყო ნორმალური მექანიკოსი, რომელიც ამ აპარატებს შეაკეთებდა. კონტაქტზე ჯერ არავინ გამოსულა“, — აცხადებენ გაფიცულები.

თავის მხრივ, გაფიცულებსა და პროფკავშირების წარმომადგენელ გიორგი დიასამიძემ პროვოკაციაში ადანაშაულებს კომპანია „საირმე“.

25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ისინი წერენ:

„ამ ფონზე, გაფიცულების, განსაკუთრებით პროფესიული კავშირის წარმომადგენელ გიორგი დიასამიძის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. პრობლემად რჩება გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას. არის მუქარის, დაშინების, შანტაჟის ფაქტები. ასევე კეტავენ გზებს, რაც ხელს უშლის პროდუქციის ტრანსპორტირებას. გრძელდება გიორგი დიასამიძისა და მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული გაფიცული თანამშრომლების მხრიდან ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია კომპანიის დისკრედიტაციისაკენ.

ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი რეალური შედეგის მიღება არ არის. კომპანია გეგმავს იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართოს“.

გაფიცულები აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესში ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საირმე-ქუთაისის გზის გადაკეტვასაც არ გამორიცხავენ.