შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ აცხადებს, რომ საწარმოს ტერიტორიაზე გაფიცულებისა და გიორგი დიასამიძის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ჩივილს აანონსებს.
„საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა უკვე მე-13 დღეა გრძელდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაფიცულები თანამშრომლების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად, ქარხანა არ გაჩერებულა და წარმოების პროცესი გრძელდება. დასაქმებულების თქმით კი, გაფიცულია ქარხნის ყველა თანამშრომელი გარდა ადმინისტრაციისა.
„ამ ფონზე, გაფიცულების, განსაკუთრებით პროფესიული კავშირის წარმომადგენელ გიორგი დიასამიძის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. პრობლემად რჩება გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას. არის მუქარის, დაშინების, შანტაჟის ფაქტები. ასევე კეტავენ გზებს, რაც ხელს უშლის პროდუქციის ტრანსპორტირებას. გრძელდება გიორგი დიასამიძისა და მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული გაფიცული თანამშრომლების მხრიდან ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი რეალური შედეგის მიღება არ არის. კომპანია გეგმავს იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართოს“, — ნათქვამია „საირმე მინერალ ვოთერსის“ განცხადებაში.
„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლებმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცვის მონაწილეები სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვენ ხელფასების 30%-იანი მატების და ანაზღაურების ინდექსაციას.
