ახალი ამბები

რას ითხოვენ „საირმეში“ დასაქმებულები — გაფიცვის მე-11 დღე

23 თებერვალი, 2023 • 1158
რას ითხოვენ „საირმეში“ დასაქმებულები — გაფიცვის მე-11 დღე

„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები უკვე მე-11 დღეა გაფიცულები არიან, როგორც დასაქმებულები „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობენ, კომპანია ამ დროისთვის სრულად პარალიზებულია.

დასაქმებულების თქმით, გაფიცულია ქარხნის ყველა თანამშრომელი გარდა ადმინისტრაციისა. როგორც ერთ-ერთი გაფიცული თანამსრომელი შალვა ქობალია „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი უკლებლივ ყველა მოთხოვნა.

გაფიცვის მონაწილეები სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვენ ხელფასების 30%-იანი მატების და ანაზღაურების ინდექსაციას. ამასთან, გაფიცულები ითხოვენ კომპანიამ საკუთარ თავზე აიღოს საპენსიო ფონდში დასაქმებულთა შენატანის გადახდაც.

როგორც შალვა ქობალია „ნეტგაზეთთან“ ამბობს, დასაქმებულებს კომპანიამ ასევე არ ჩაურიცხა იანვრის ხელფასი:

„1 იანვრიდან 31 იანვრამდე ნამუშევრის ანაზღაურება უნდა აგვეღო 15 თებერვლიდან 17 თებერვლამდე. ეს თანხები არ დარიცხულა, მხოლოდ ბიულეტენის თანხა დაერიცხა ორ ადამიანს. დღეს 23 თებერვალია და ხელფასები ამ დრომდე არ დარიცხულა. გუშინ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სანამ გაფიცვა გაგრძელდება, ხელფასები არ დაირიცხება. კომპანიის იურისტი კი ამბობდა, რომ თუ ქარხანაში შევა ტრაილერი და პროდუქციას გამოიტანენ, რაც არის ჩვენი ჩამოსხმული, მაშინ ხელფასები დაირიცხება, რაც სიცრუეა“, — ამბობს დასაქმებული.

მისი თქმით, გაფიცულები ქარხანასთან მუდმივად მართავენ აქციას, რის გამოც კომპანია უკვე ჩამოსხმული პროდუქციის ქარხნიდან გამოტანას ვერ ახერხებს. თუმცა ქობალია აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანიამ პოლიციის დახმარებით პროდუქციის ნაწილის გამოტანა მაინც შეძლო გაფიცულების წინააღმდეგობის მიუხედავად.

ქობალიას თქმით, დასაქმებულების დღიური სამუშაო ანაზღაურება 43 ლარს არ აღემატება. „საირმის“ გაფიცული თანამშრომლის თქმით, ამ თანხას კიდევ აკლდება საპენსიო სააგენტოში გადასარიცხი 2%. შესაბამისად, ქობალიას თქმით, 24-დღიანი სამუშაო თვის განმავლობაში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურება 1050 ლარს არ აჭარბებს, თუმცა არიან ისეთი თანამშრომლებიც, რომლებიც ხელფასის სახით თვეში  მხოლოდ 300-350 ლარს იღებენ:

„გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩვენი საშუალო ხელფასი 1500 ლარია. 1050 ლარი არის ყველაზე მაქსიმუმი, ზოგს ხელფასი აქვს 300-350 ლარი“ ,— აცხადებს დასაქმებული.

საპასუხოდ კომპანიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქარხანა პარალიზებულია. „ნეტგაზეთისთვის“ 22 თებერვალს გამოგზავნილ განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ გაფიცული მხოლოდ თანამშრომლეთან ნაწილია და ქარხანა არ გაჩერებულა. „საირმეში“ ამბობენ, რომ წარმოების პროცესი დღემდე გრძელდება:

„ქარხანა აგრძელებს მუშაობას ორ ცვლაში. ის, რომ თითქოს ჩვენ ჩავანაცვლეთ გაფიცულები ახალი და გამოუცდელი კადრებით, არის სრული სიცრუე. გამოუცდელი კადრებით ვერ გავრისკავდით წარმოების გაგრძელებას, რომც გვდომოდა. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის გაფიცულებთან“, – აცხადებენ კომპანიაში.

„საირმეში“ ამბობენ, რომ დასაქმებულთა გაფიცვას წინ უძღოდა 21-დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი. 13 თებერვალს კი, კომპანიის თქმით, მედიაციის პროცესის დასრულებამდე დაიწყეს თანამშრომლებმა გაფიცვა:

„ამის პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივად გაიზარდა. ჩვენ განვიხილავდით მაქსიმალურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, მათი მოთხოვნები იმდენად გაიზარდა, რომ მედიაციის პროცესი ჩიხში შევიდა“, – ამბობს შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე ლევან კასრაძე.

„საირმე მინერალ ვოთერსში“ ასევე ამბობენ, რომ არ სურთ თანამშრომლობა აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირ „ლაბორთან“, რომელიც გაფიცულებს უწევს დახმარებას.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მათი პირობა იქნება პროცესის წარმართვა „ლაბორის“ თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის გარეშე.

„საირმის“ გაფიცული თაანმშრომლების მოთხოვნების სრული სია ასეთია:

  1. ხელფასების 30% -იან ზრდა;
  2.  საქსტატის მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაცია;
  3. საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვა;
  4. ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობები;
  5. მოწესრიგდეს ანტისანიტარიის პრობლემა ქარხანაში;
  6. აიკრძალოს დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟი  და მუქარა;
  7. გაფორმდეს კოლექტიურ შეთანხმება;
  8. მენეჯმენტის ბრალეულობის გამო არ მოხდეს დასაქმებულთა იძულებითი მოცდენა;
  9. დამფუძნებლებთან შეხვედრა, რადგან დასაქმებულებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას;
  10. გაფიცვის პერიოდში არ მოხდეს გაფიცული თანამშრომლების სხვა კადრებით ჩანაცვლება.
„საირმეში“ დასაქმებულთა თქმით აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე , გაფიცვას არ შეწყვეტენ. დასაქმებულები ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე კვირას, 26 თებერვალს აქციის გამართვას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი