ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის წლისთავს გენერალ კვინიტაძის სიტყვებით ეხმაურება

25 თებერვალი, 2023 • 1413
აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის წლისთავს გენერალ კვინიტაძის სიტყვებით ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის სიტყვებით ეხმაურება:

„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არა კვდებოდა“.

„1921 წლის ამ დღეს, საკუთარი თანამემამულეების „დაცვის“ მოგონილი მიზეზით, საქართველოში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო. ამ ქმედებით დაირღვა 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთი პირობას დებდა, პატივი ეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევისთვის. ამას მოჰყვა საბჭოთა ოკუპაციის შვიდი ათწლეული, რომლის განმავლობაშიც საქართველომ დაკარგა უამრავი მოქალაქე, ვინც ტირანიის წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

წელს აშშ-ის საელჩო 25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან „რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას“.

„ევროატლანტიკური საზოგადოება არის ერთიანი და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ რუსულ აგრესიას და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, — აცხადებს აშშ-ის საელჩო.

მასალების გადაბეჭდვის წესი