ახალი ამბები

სად გაჩერდება ფლუგერი

4 ივნისი, 2010 • 2298
სად გაჩერდება ფლუგერი

ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ  საქართველო-ირანის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლამ ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა გააღიზიანოს. მისი თქმით,   საქართველო თავის პოლიტიკას დამოუკიდებლად ატარებს და თვლის, რომ ”არ უნდა დავეკითხოთ ყველას, რა გავაკეთოთ”.  

ნეტგაზეთმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტს,   საქართველო-ირანის ურთიერთობების  გეოპოლიტიკურ ჭრილში განხილვა მას შემდეგ სთხოვა, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში ”ახალი ეტაპი” დაიწყო. თბილისი იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება,

ამ განცხადებას წინ უძღოდა 18 მაისს, საქართველოში ირანის ახალი ელჩის,  მეჯიდ საბერმისა და  საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს შეხვედრა.

ამ შეხვედრის შემდეგ ინგლისურენოვანი Tehran Times იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი თბილისში დაპატიჟა.  საქართველოს პრეზიდენტმა 25 მაისს უარყო, რომ ირანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გადაწყვეტილია და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გეგმავს თეირანში ვიზიტს, ეკონომიკური საკითხების განსახილველად.

”ირანის ლიდერს ჰქონდა მოწვევა ოთხი თუ ხუთი წლის წინ. იმის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა ამ ურთიერთობებში,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მაისშივე ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე პოლიტიკური განცხადება გააკეთა როგორც ქართულმა, ისე ირანულმა მხარემ. საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის  ”მედიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რასაც მოჰყვა 21 მაისს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამინ მეჰმან-ფარასტისა და ირანელი ჟურნალისტების ჯგუფის თბილისში სტუმრობა.  პრესმდივანმა განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი საქართველოს, სავარაუდოდ, ივნისში ეწვევა,

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვაზე ირანის ელჩმა საქართველოში 2006 წლის იანვრის ენერგოკრიზისი გაიხსენა, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ორი გაზსადენის აფეთქებას მოჰყვა და განაცხადა, რომ მაშინ ირანმა მზადყოფნა გამოხატა გაზით დახმარებოდა საქართველოს. 

2006 წლის 30 იანვარს ნიკა გილაურმა, ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა, რომელიც მაშინ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი იყო, ირანული გაზის მოწოდება საქართველოში ასე შეაფასა: “ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა – საქართველოს სამი ქვეყნიდან [რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი] შეუძლია გაზის დივერსიფიცირებული მიღება… ანუ ქვეყანა ნებისმიერი – ტექნიკური თუ სხვა რაიმე პრობლემის შემთხვევაში, 2–3 ქვეყნიდან მიიღებს გაზს“ . 35-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ირანული გაზი კვლავ შემოვიდა, მას შემდეგ, რაც სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა, 30 იანვარს, მარნეულში აზერბაიჯანიდან შემომავალი გაზსადენის ონკანი საჯაროდ გახსნა.მან დასძინა: “ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ეს [ირანული გაზი] ფორსმაჟორულ რეჟიმში გვქონდეს ყოველთვის დარეზერვებული იმისათვის, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება საქართველოს გაზით მომარაგებას“.

“ეს [ირანული გაზი] ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ და  შევინარჩუნებთ კიდეც ამ ალტერნატივას“, – განაცხადა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წლის 29 იანვარს.

თუმცა, 2006 წლის 27 ნოემბერს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა გაზეთ “კვირის პალიტრა” –სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ენერგოსაკითხებში გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობა მიუღებელია.

მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია ემყარება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ირანზე და მის ბირთვულ პროგრამას.

“მე არ ვიცი რა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. რაც შეეხება ირანთან ენერგეტიკის სფეროში ჩვენს ურთიერთობებს, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ირანთან ენერგეტიკული ურთიერთობები. ჩვენ წელს ალბათ ვიყიდით  ირანიდან გაზს და ჩვენ გვექნება ირანთან ელექტროენერგიის გაცვლა“, – განუცხადა ჟურნალისტებს 2006 წლის 27 ნოემბერს  ზურაბ ნოღაიდელმა.

2008 წლის 24 სექტემბერს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში აგვისტოში მომხდარ ომში  ნატოს ”პროვოკაციებია” დამნაშავე : ”საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხების სიცოცხლე, საკუთრება და უფლებები ემსხვერპლა ნატოს და ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს ტენდენციებს და პროვოკაციებს და სიონისტების ფარულ ქმედებებს.”

10 მაისს ობამამ კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა  სთხოვა და განაცხადა, რომ  ”სიტუაცია საქართველოში  აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვის”.  2008 წელს ბუშმა იგივე ხელშეკრულება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო შეაჩერა.

„ეჭვი მეპარება, რომ ეს (საქართველო-ირანის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა)  იყოს პასუხი ობამას განცხადებაზე“,- ამბობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი: „რა თქმა უნდა, არ შეიძლებაზუსტად  ვიცოდე, მაგრამ  ვფიქობ, რომ საქართველოს ადმინისტრაცია ატარებს ინტენსიურ კონსულტაციებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე. ოფიციალური ჩარჩოც არსებობს კონსულტაციებისათვის და არაოფიციალური წყაროებიც. არა მგონია საქართველომ ასე რადიკალურად შეცვალოს თავისი პოლიტიკა, მაშინ როდესაც შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ საქართველო დაკარგავს შეერთებული შტატების მხარდაჭერას, პრაქტიკულად, ჩვენი ბედი გადაწყვეტილია“.

“რესპუბლიკელმა” სენატორმა, ჯონ მაკკეინმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა  გააკრიტიკა და “მოკავშირე ქვეყნების მიტოვებაში” დაადანაშაულა.

 

ნიქსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას სენატორმა უკმაყოფილება გამოთქვა ობამას მიერ აშშ-ის კონგრესისთვის ხელახალი რატიფიცირებისთვის რუსეთთან ბირთვული შეთანხმების გადაგზავნის გამო და აღნიშნა, რომ “აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და იქ სამხედრო ბაზებს აშენებს”.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ ობამას ადმინისტრაცია ყოფილ მეტოქეებთან საერთო ენის გამონახვას და დაახლოებას ცდილობს.

„ხანდახან ამ დაახლოების დროს, ცოტა არ იყოს, უკანა პლანზე გადააქვს მეგობრები და არა მხოლოდ საქართველო. ბევრი ჩივის ამაზე, იგივე აღმოსავლეთ ევროპა. ვნახოთ ეს პრობლემა რამდენ ხანს გაგრძელდება, ჯერ ნაადრევია განაჩენის გამოტანა.

მისივე თქმით, კონგრესმენების დიდი ნაწილი, რესპუბლიკელები აპროტესტებენ ობამას ამ ინიციატივას. ექსპერტი ვარაუდობს, რომ წელს არჩევნების შემდეგ კონგრესი  მეტი რესპუბლიკელით დაკომპლექტდება.

„ჩვენ, სამხრეთი კავკასია, ვართ სამკუთხედში. თუ ჩვენ ყველა მეზობელთან კარგად არ ვიქნებით, ბერმუდის სამკუთხედი გვექნება. რუსეთთან ვერ ვართ კარგად, კიდევ კარგი თურქეთთან სხვაგვარადაა, ირანთან ინტენსიური ურთიერთობაა საჭირო, რადგან მეზობელია, პრაქტიკულად რეგიონში სუპერძალაა. რამდენიმე წელია ვცდილობთ, ჩვენს შორის ვაჭრობა გაიზარდოს: არის სფეროები ეკონომიკაში, მაგალითად, ენერგეტიკა, სადაც შეიძლება მეტი  თანამშრომლობა, – ამბობს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალიკა რონდელი.

რონდელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ მეზობელთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს: „ეს არც ახალი მოკავშირეის ძებნაა და არც არაფერი, როგორც იყო ყველაფერი ისეა. მაგრამ ფაქტია – ჩვენ ირანთან ცოტა უფრო მეტი ინტენსიფიცირება გვჭირდება ურთიერთობების, განსაკუთრებით ეკონომიურის… როგორც ჩანს, ახლა ის პერიოდია, რომ ყველაფერი უნდა გამოიყენო. კარგ დიასახლისს ხანდახან თუ შემოაკლდება ფული, უყურებს განჯინაში რა უდევს.  ფაქტია, საქართველოს ახლა ისე არ ულხინს, რომ იგნორირება გაუკეთოს იმ პოტენციალს, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაშია“.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს, ეჭვი არ ეპარება მაკკეინის მხრიდან საქართველოს მხადაჭერაში. თუმცა, მისი თქმით, მაკკეინი ახლა ოპოზიციაშია და, შესაძლოა, მისთვის უფრო ადვილია ობამას კრიტიკა საქართველოს საკითხთან მიმართებაში.

„მაკკეინი რომ მოსულიყო, შესაძლოა იგივე გადაწყვეტილება მიეღო. ან ვთქვათ, ბუში რომ დარჩენილიყო პრეზიდენტად და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებიდან  ორი წელი გასულიყო, რამდენად დარჩებოდა ასეთ დაძაბულ ურთიერთობებში შეერთებული შტატები რუსეთთან – გააგრძელებდა თუ არა ბირთვულ შეიარაღებაზე მოლაპარაკებებს? ბუშის მხრიდან იმ მოკლე მონაკვეთში რუსეთთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ  გადაწყვეტილების მიღება  სრულიად ლოგიკური იყო.  ეს რუსეთზე ზეგავლენის ბერკეტი აღმოჩნდა მის ხელში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა მას ისევ გაეგრძელებინა მოლაპარაკებები, ზუსტად ისე, როგორც ობამამ გააგრძელა“.

ეკონიმისტი ნოდარ ხადური ამბობს, რომ საქართველოს ბაზარი დღესაც საკმაოდ ათვისებული აქვს ირანს. ძალიან ბევრი პროდუქცია შემოდის ირანიდან, მაგრამ, საქართველოს ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, ეს გადამწყვეტი არ არის ირანისთვის: „ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რომ ირანი გარკვეულწილად იზოლაციაშია როგორც პოლიტიკურ, ისევე ეკონომიკური კუთხით. ამიტომ გარკვეული დაძაბულობის მომტანი შეიძლება იყოს. თუმცა, საქართველო ენერგო რესურსების თვალსაზრისით არ არის დამოკიდებული ირანზე, გაზი შემოდის აზერბაიჯანიდან, საქართველოს აქვს საშუალება გაზი მიიღოს რუსეთიდან, შესაბამისად, ეს დივერსიფიცირებულია. ამდენად, ეს თვალსაზრისიც – ირანი საქართველოდან დიდ ფულ მიიღებს და შემდეგ ამ ფულს გამოიყენებს ისეთი მიზნებისათვის, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები ან ატომური შეიარაღება, არ იქნება გადამწყვეტი. ცხადია, საქართველო ასეთი ბაზარი ვერ გახდება ირანისთვის, შესაბამისად, არ მგონია, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან გახდეს ამგვარი დაძაბულობის მატარებელი.“

ხადურის აზრით, მთავარია, საქართველომ არ მიიღოს მონაწილეობა ირანის ატომური პროგრამების განხორციელებაში და ხელი არ შეუწყოს ამ პროგრამების განხორციელებას: „იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ირანიდან დიდი რაოდენობით ინვესტიცია შემოვა საქართველოში“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი