ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ყარაბაღის გზის გახსნა რუსი სამშვიდობოების და აზერბაიჯანის ვალდებულებაა”

20 თებერვალი, 2023 •
“ყარაბაღის გზის გახსნა რუსი სამშვიდობოების და აზერბაიჯანის ვალდებულებაა”

“აზერბაიჯანისა და რუსი სამშვიდობოების ვალდებულებაა, მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის კორიდორი ღია დარჩეს, რომელიც მათ 2020 წლის 9 ნოემბერს სამმხრივი განცხადებით აიღეს. დღეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამაზე უნდა იყოს გამახვილებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუქცევად ჰუმანიტარულ შედეგებს მივიღებთ”, – ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის საკითხებზე პანელურ დისკუსიაზე.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი.

“ლაჩინის კორიდორი უკვე 70 დღეა ჩაკეტილია. სამწუხაროდ, დღეს მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია, ასევე არის ენერგეტიკული კრიზისი – ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია. 70 დღის განმავლობაში 10-ჯერ შეწყდა გაზის მიწოდება”, – განაცხადა ფაშინიანმა.

12 დეკემბრის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის კორიდორი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.

საკვები პროდუქციის დეფიციტის გარდა, საბავშვო ბაღები და გახანგრძლივებული რეჟიმის მქონე სკოლები საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტის გამო დაიკეტა და დაახლოებით 5500 ბავშვი საბავშვო ბაღის და სკოლის გარეშე დარჩა.

20 იანვრიდან ყარაბაღში სურსათის მაღაზიებში საკვები პროდუქტების შესაძენად სატალონე სისტემა შემოიღეს.

ლაჩინის კორიდორის ბლოკადა, რომელიც მთიან ყარაბაღში საფრთხის ქვეშ აყენებს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას”,- აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty international.

ერთადერთი გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 12 დეკემბრიდან არის ჩაკეტილი აზერბაიჯანელი “ეკოაქტივისტების” მიერ. ოფიციალურად მიზეზად მათ დაასახელეს ყარაბაღში არსებულ საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და იქ შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები.თუმცა სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი არის ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდა.

აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ მძიმე პაციენტების სომხეთის ტერიტორიაზე გადასაყვანად აზერბაიჯანელი აქტივისტები “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” მანქანებს შეუფერხებლად ატარებენ.

ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება სტეპანაკერტში და ჩაკეტილ გზასთან ახლოს. ასევე, აქციებს მართავენ სომეხი აქტივისტები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას, რადგანაც, მათი მტკიცებით, სწორედ რუსმა სამშვიდობო ძალებმა აიღეს ვალდებულება, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ლაჩინის კორიდორს შეუფერხებლად ემუშავა.

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის გზის [ლაჩინის კორიდორი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს] ჩაკეტვის საკითხზე ყარაბაღში საინიციატივო ჯგუფმა “არცახის ქალები მომავლისთვის” ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე პეტიცია გამოაქვეყნა. პეტიციას რამდენიმე ათასი ხელმოწერა აქვს. მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ქალები სთხოვენ მას, დაეხმაროს ყარაბაღელებს ლაჩინის კორიდორის გახსნაში.

ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.

მასალების გადაბეჭდვის წესი