ახალი ამბები

„ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები დაასახელა

22 თებერვალი, 2023 • 848
„ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა.

ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას, რომელიც ამავე ოლქის ახლახან გარდაცვლილი მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილია.

„გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე „ქართული ოცნება“ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას წარადგენს. კობახიძის თქმით, ლევან ზალკალიანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად. დღემდე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი მანუჩარ რობაქიძეა. კობახიძის თქმით, ის სპეციალობით ისტორიკოსია და 2022 წლიდან თერჯოლის მერის მოვალეობას ასრულებს.

პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს საქართველოში გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე, ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი