ახალი ამბები

“ტექნიკური ხარვეზი” – ოზურგეთში მწვრთნელი სამსახურიდან მშობიარობის მუხლზე მითითებით გაათავისუფლეს

21 თებერვალი, 2023 •
“ტექნიკური ხარვეზი” – ოზურგეთში მწვრთნელი სამსახურიდან მშობიარობის მუხლზე მითითებით გაათავისუფლეს

ფეხბურთის მწვრთნელის თქმით, ოზურგეთის მერიას დაქვემდებარებული სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაუშვეს, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში კი მშობიარობის მუხლი ჩაუწერეს შრომის კოდექსიდან.

ხარიტონ ჩხატარაშვილი  64 წლისაა, ოზურგეთში ცხოვრობს და წლებია სპორტში საქმიანობს, კერძოდ ფეხბურთის მწვრთნელია. როგორც ის ნეტგაზეთს უყვება, ერთ კვირაში ორი სამსახურიდან გაათავისუფლეს: საფეხბურთო კლუბ “მერცხლიდან” და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებიდან. ამ ორივე ორგანიზაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს/კურირებს.

მარჯვნივ ლევან კობიაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, მარცხნივ – ხარიტონ ჩხატარაშვილი

“40 წელია ფეხბურთში ვმუშაობ, უეფას A ლიცენზიის მფლობელი ვარ და ყველა საფეხური გავლილი მაქვს. ვმუშაობდი ბავშვებთან, ახალგაზრდული ფეხბურთის პროგრამის ხელმძღვანელი ვიყავი შპს მერცხალში და სპორტულ გამაჯანსაღებელ გაერთიანებაში რიგითი მწვრთნელად ვსაქმიანობდი. ერთ კვირაში წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამიშვეს სამსახურიდან. ერთი ბრძანება მივიღე 23 იანვარს, მეორე – 1 თებერვალს”, – აცხადებს ხარიტონ ჩხატარაშვილი და დასძენს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკას, კერძოდ კი, მერის არჩევნებს უკავშირდება, რომელიც ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძემ (პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ძმა) მოიგო. ჩხატარაშვილი კი მხარს მის კონკურენტს, კოტე შარაშენიძეს უჭერდა.

“არჩევნების შემდეგ, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში ბატონი ავთანდილი, დანიშნა ახალი დირექტორები და გამომიცხადეს, თავისუფალი ხარ სამსახურიდანო”.

ჩხატარაშვილის გათავისუფლების ბრძანებაში, რომელიც გურიის მოამბემ გამოაქვეყნა, ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელშიც ვკითხულობთ:

„დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით.“

ხარიტონ ჩხატარაშვილის თქმით, მისი გათავისუფლებიდან 5 დღეში მისი ძმაც გაუშვეს სამსახურიდან, რომელიც შპს მერცხალში კანცელარიას ხელმძღვანელობდა. იგი საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ა პუნქტის მიხედვით გაათავისუფლეს, რომელშიც ვკითხულობთ: “ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.“

ხარიტონ ჩხატარაშვილის ადვოკატის, კახა ჩავლეშვილის თქმით, ისინი აპირებენ, სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ: „სარჩელი, პრაქტიკულად, მზად გვაქვს და რაც შეიძლება მალე შევიტანთ. რეორგანიზაცია იყო განხორციელებული, მაგრამ რეალური მიზეზი ხარიტონის და მისი ძმის პოლიტიკური მიუღებლობაა…”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც კომენტარი არ გააკეთეს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესცენტრში გადაგვამისამართეს. ამ უწყების ინფორმაციით, გათავისუფლების ბრძანებაში 37-ე მუხლი [მშობიარობა] იყო ტექნიკური ხარვეზი და ის უკვე ჩასწორდა:

„შესწორებულ ვარიანტში მითითებულია 47-ე მუხლი, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. ბატონ ხარიტონს აქვს უფლება, რომ ჰქონდეს საკუთარი აზრი, რომ ის პოლიტიკური მიუღებლობის გამო გაათავისუფლეს, ასევე იმის უფლებაც აქვს, რომ გვიჩივლოს სასამართლოში, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“, – განაცხადეს სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებაში.

ავტორი: თამთა კევლიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი