ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

NGO-ების ანგარიშების დაბლოკვისთვის აზერბაიჯანს კომპენსაციების გადახდა დაეკისრა

17 თებერვალი, 2023 • 1841
NGO-ების ანგარიშების დაბლოკვისთვის აზერბაიჯანს კომპენსაციების გადახდა დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული აქტივისტების საბანკო ანგარიშების გაყინვა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს დააკისრა კომპენსაციების გადახდა. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

საუბარია 2014-2015 წლებზე, როდესაც აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა რიგი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით და საბანკო ანგარიშები გაუყინა.  ადგილობრივმა სასამართლო ინსტანციებმა კი ბრალდების სასარგებლოდ გამოიტანეს გადაწყვეტილებები.

საუბარია 20-ზე მეტ ორგანიზაციაზე და 18 ცალკეულ აქტივისტზე.

ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს დააკისრა კომპენსაციის გადახდა, თითოეული განმცხადებლისთვის 3 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანისთვის და 300 ევრო-  სასამართლოს ხარჯებისთვის.

უფლებადამცველი, ადამიანის უფლებების კლუბის უფროსი რასულ ჯაფაროვი ამბობს, რომ კომპენსაციების ოდენობა მიღებულ ზარალთან შედარებით მიზერულია, თუმცა მაინც კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით.

“2014 წელს დაიწყო მასობრივი გამოძიება ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და ყველანაირი გაფრთხილების გარეშე გაყინეს საბანკო ანგარიშები”.

“აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პარალიზება გაუკეთა დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, როდესაც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, მათი საბანკო ანგარიშები გაყინა, დაიწყო საგადასახადო შემოწმებები, დააწესა ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვები და ზოგიერთი აქტივისტის წინააღმდეგ პატიმრობაც გამოიყენა. თუმცა არც მათი გათავისუფლების შემდეგ მოიხსნა შეზღდუვები და დღეს არასამთავრობოებს ისევ წართმეული აქვთ თავისუფალი საქმიანობის პირობები: ხელისუფლება კვლავაც არ არეგისტრირებს მისთვის უსარგებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ უშვებს ქვეყანაში დონორებს და კრძალავს გრანტებს დასავლეთიდან”, – ამბობს უფლებადამცველი ანაგი გაჯიბეილი, რომელიც ასევე კომპენსაციების მიღების რიგებშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი