ახალი ამბები

უნგრეთს ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია, რაც ძალიან მისასალმებელია – კობახიძე

16 თებერვალი, 2023 • 983
უნგრეთს ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია, რაც ძალიან მისასალმებელია – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისასალმებელია უნგრეთის პოზიცია, რომელიც ბლოკავს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის საპროტესტო მიმართვას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო.

„უნგრეთს ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია, რაც არის ძალიან მისასალმებელი და თითოეულ ევროპარლამენტარს მინდა ამასთან დაკავშირებით მადლობა გადავუხადო. ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც არის მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს საკვანძო ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ის რეზოლუცია, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ, 15 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო, აბსურდულია და ფასი არ აქვს.

„აბსურდულ ჩანაწერებს ვერ ექნება ვერანაირი ფასი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი აბსურდულობის ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი. უბრალოდ, წარმოუდგენელია, რამდენად აბსურდულია ის რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი. უკვე მესამე შემთხვევაა და ეს მესამე კიდევ უფრო აბსურდულია, ვიდრე მისი წინა ორი ვარიანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პოლონური მედიის ცნობით, უნგრეთი ბლოკავს ინიციატივას, რომლითაც ევროკავშირს დიპლომატიური პროტესტი უნდა გამოეხატა საქართველოს ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო.

საუბარია პოლონეთის მთავრობის მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირს მიემართა.

ამასთან, ევროპარლამენტმა 16 თებერვალს 577 ხმით, 33-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია , რომლითაც საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა სააკაშვილის პატიმრობაში, „როგორც პირადი ვენდეტის ნაწილს“. ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის. სანქცირების შესახებ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ინიცირებულ შესწორებას 362-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი