ახალი ამბები

“ჩალის ფასი აქვს” – კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

15 თებერვალი, 2023 • 1491
“ჩალის ფასი აქვს” – კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

თბილისის მერის და “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილის გადაყვანასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს, “ჩალის ფასი აქვს”.

მისი თქმით, დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც “თეთრზე შავი უნდა ვთქვათ – კატეგორიულად მიუღებელია”.

“რასაც ჩვენ ვისმენთ, რა მესიჯებიც ვრცელდება – სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ე.წ. მეგობრები გამოდიან (გვარებს არ დავასახელებ) და გვეუბნებიან, რომ სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ, ჩვენი ქვეყანა არ მიიღებს სტატუსს, გვეუბნებიან: ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ქველმოქმედებით იყო დაკავებული, ცუდი კაცია”, – განაცხადა კალაძემ ტვ პირველთან.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი კი ევროპარლამენტის რეზოლუციას შანტაჟად აფასებს.


ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტმა 577 ხმით, 33-ის წინააღმდეგ მიიღო.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობა საქართველოს მთავრობის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების ლაკმუსის ტესტია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ შექმნილი ვითარება აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და აფერხებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.

ევროპარლამენტარები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

გარდა ამისა, რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა სააკაშვილის პატიმრობაში, „როგორც პირადი ვენდეტის ნაწილს“. ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის. სანქცირების შესახებ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ინიცირებულ შესწორებას 362-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს სააკაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი