ახალი ამბები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრებზე შემოწმება დაიწყო

15 თებერვალი, 2023 • 841
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრებზე შემოწმება დაიწყო

პენიტენიცური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმება დაიწყო მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლით მიზნით. ამის შესახებ განცხადებას თავად უწყება ავრცელებს.

“2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 40 13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ დაიწყო შემოწმება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამსახურში ასევე მიმდინარეობს პენიტენციური სამსახურის მიერ 14 დეკემბერს გასაჯაროებული კადრების კანონიერების შემოწმების პროცესი.

15 თებერვალს პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის კადრები გაავრცელა, შემდეგი წარწერით:

„გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება“.

ბოლოს მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა ტელეკომპანია CNN-მა, სადაც ჩანდა, რომ ექსპრეზიდენტი დამოუკიდებლად მოძრაობისას დაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი