ახალი ამბები

CNN “ვივამედიდან” სააკაშვილის კადრებს ავრცელებს

11 თებერვალი, 2023 • 3739
CNN “ვივამედიდან” სააკაშვილის კადრებს ავრცელებს

ტელეკომპანია CNN მიხეილ სააკაშვილის ახალ ვიდეომასალას ავრცელებს. სამეთვალყურეო კამერის კადრები, რომლებიც “ვივამედშია” გადაღებული, ტელეარხს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, მასიმო დიანჯელომ მიაწოდა.

პირველ ვიდეოში, რომელიც, CNN-ს თანახმად, გასული წლის 6 ოქტომბრისაა, სააკაშვილი პალატაში შედის, შემდეგ კი წონასწორობას კარგავს და საწოლთან ეცემა.

მეორე, 4 ოქტომბრით დათარიღებულ კადრებში ჩანს, როგორ ვარდება სააკაშვილი საწოლიდან, სამედიცინო პერსონალი კი მის დახმარებას ცდილობს.

სააკაშვილის ადვოკატმა დიანჯელომ, რომელიც იმავე გადაცემაში იყო მიწვეული, პატირმობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ დეტოქსიფიკაციის [ტოქსინებისგან/მომწამლავი ნივთიერებისგან გათავისუფლების] პროცედურის დასაწყებად.ადვოკატის სიტყვებით, ასეთ შემთხვევაშიც კი, საქმეში ჩართული ნევროლოგი დარწმუნებული არ არის,  გამოსწორდება თუ არა სააკაშვილის ტვინის დაზიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში სტრასბურგში გაასაჩივრებენ. ენმ კი ამბობს, რომ იწყებს პერმანენტულ აქციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი