პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე შესაძლებლად მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბარი მმართველი ძალის ერთგვარი ტაქტიკაა, რომლითაც ის რეაგირებას ცდილობს დასავლეთიდან გახშირებული კრიტიკაზე.
„მმართველი პარტია, — „ხალხის ძალა” მის ნაწილად და ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ, — ამით აჩვენებს მზაობას, რომ დასავლეთიდან მომავალ წნეხზე მას შეუძლია ამგვარი რეაგირება: ღიად ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, რომლის გეოპოლიტიკური გაგრძელება საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე გადასვლა იქნება. საქართველოს მთავრობას და პირველ რიგში მის არაფორმალურ მმართველს შესაძლოა ამით სურდეთ დასავლეთს აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ ევროპის და აშშ-ის წინააღმდეგ უფრო აქტიურად იმოქმედონ. კანონს მიიღებენ თუ არა, დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე“, — აცხადებს გორდაძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) გამოკითხვაში.
თავისთავად ასეთი ტაქტიკა, თუნდაც კანონპროექტის დამტკიცებმდე არ მივიდეს საქმე, გორდაძის აზრით აჩვენებს შემდეგს:
- საქართველოს მთავრობისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ძალაუფლებაში დარჩენა. ის ადვილად შეელევა ბოლო ათწლეულების პოლიტიკას;
- საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკურად დასავლეთი არის სუსტი და შეუძლია მას შანტაჟის ენით ესაუბროს. ის ხშირად იმეორებს, რომ ევროპას უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს — ევროპა;
- საქართველოს მთავრობა ღირებულებების კუთხით საკმაოდ შორს დგას ევროკავშირისა და აშშ-ისგან. მისთვის ბევრად უფრო ახლოა რუსული, ან უფრო მსუბუქი უნგრული და თურქული მოდელები.
მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.
კანონპროექტის მიზანი მკაფიოა: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.
ვინ შეიძლება მიიჩნიონ უცხოური გავლენის აგენტად — კანონპროექტი მედიისა და NGO-ების შესაზღუდად
უცხოელი და ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რას გამოიწვევს უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება