ახალი ამბები

რუსი აქტივისტი ანა რივინა აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

14 თებერვალი, 2023 • 1020
რუსი აქტივისტი ანა რივინა აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი აქტივისტი, ფონდის — „არა ძალადობას!“ (Насилию.нет) — ხელმძღვანელი ანა რივინა აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

როგორც გამოცემა Meduza წერს, ანა რივინა საქართველოში ბოლო რამდენიმე თვე ცხოვრობდა, 12 თებერვალს კი, როცა ერევნიდან საქართველოში ჩამოფრინდა, მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს.

როგორც ანა რივინა ამბობს, ქართველი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას სამ საათს ელოდა. მისივე თქმით,  საქართველოში შემოსვლისას, საზღვარზე მანამდეც დიდხანს აჩერებდნენ ხოლმე, მაგრამ ბოლოს ქვეყანაში ყოველთვის უშვებდნენ. ახლა კი, მისი თქმით,  თბილისიდან დეპორტაცია ელოდება.

ამასთან, Meduza-ს ცნობით,  10 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ანა რივინა „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. ფონდი  „Насилию.нет“ კი, რომელსაც ანა რივინა ხელმძღვანელობს, „უცხოეთის აგენტების“ სიაში რუსეთის მთავრობამ 2020 წელს შეიყვანა.

ნეტგაზეთი ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაარკვიოს, ნამდვილად არ შემოუშვეს თუ არა ანა რივინა საქართველოში და რა გახდა ამის მიზეზი.

ბოლო თვეების განმავლოვაში საქართველოში შემოსვლაზე უარი რამდენიმე რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ჟურნალისტსსა და აქტივისტსს ეთქვა, მათ შორის: ლიუბოვ სობოლს, დიმიტრი გუდკოვს, Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვას და Need Help Foundation-ის თანადამფუძნებელ მიტია ალეშკოვსკის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი