მთავრობის დადგენილების თანახმად, პირველი ივლისიდან მასწავლებლების მინიმალური ხელფასი იზრდება, თუმცა მათი ნაწილისთვის- მხოლოდ 2 წლით. ამის შემდეგ მათი ხელფასი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს. ასევე, მატება არ იქნება იმ ოდენობით, რისი მოლოდინიც ხელისუფლებამ მათ გაუჩინა.
13 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსების მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდებოდა.
მთავრობის ამ დადგენილებამ საქართველოში არაერთი მასწავლებლის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ ხელფასი ყველაზე მეტად იმ მასწავლებლებისთვის იზრდება, რომლებსაც უფროსი, წამყვანი, ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი არ აქვთ. ზოგიერთი პედაგოგის თქმით, არიან ისეთებიც, ვისაც ანაზღაურება არათუ გაეზრდება, არამედ შეუმცირდება. ამის გამომწვევი მიზეზი კი ის არის, რომ სახელფასო ნამატი, რომელიც უფროს, წამყვან თუ მენტორ მასწავლებლებს ჰქონდათ, ფაქტობრივად, გაუქმდა.
ხაშურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, ნანა დაბრუნდაშვილის თქმით, მას, როგორც მენტორ მასწავლებელს, ნამატი 1475 ლარი მთლიანად მოაკლდება და ხელფასი მხოლოდ საათობრივი ანაზღაურების ხარჯზე გაეზრდება.
„დავიწყოთ იმით, რომ საათების ღირებულება გაიზარდა, სტატუსის მიუხედავად, რაც კარგია. მასწავლებელი თუ 25 საათი იმუშავებს, 2 350 ლარს აიღებს, რაც საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაა. მიუხედავად ამისა, 18 საათიც კი მასწავლებლისთვის საკმაოდ მძიმე დატვირთვაა. 18 საათის მქონე მასწავლებელი ამიერიდან ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საათების რაოდენობა გაზარდოს და მეტი ანაზღაურება აიღოს, რაც გაკვეთილების ხარისხსაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს.
სტატუსები, რომელთათვისაც მასწავლებლები შრომობდნენ, ფაქტობრივად, სრულად გააუქმეს. უფროს მასწავლებელს, საათებისგან დამოუკიდებლად, 795 ლარი ჰქონდა დანამატი, წამყვანს — 1050, ხოლო მენტორს – 1475 ლარი. ეს იმ შემთხვევაში, თუ 15 საათზე მეტი ჰქონდათ, ხოლო ნაკლებ საათობრივ დატვირთავზე უკვე პროპორციულად ნაწილდებოდა. ახალი დადგენილების თანახმად, წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატია 150 ლარი, ხოლო მენტორის — 300 ლარი.
ამ პრინციპით ნამატი მთლიანად მომაკლეს და ხელფასის ზრდა მხოლოდ საათობრივი ანაზღაურების ხარჯზეა. გამოდის, რომ სტატუსის მქონე მასწავლებლებს, რომლებიც ამ სტატუსისთვის დიდხანს შრომობდნენ, გამოცდებს აბარებდნენ, პროექტებს აკეთებდნენ, ხელფასი აუცილებლად შეუმცირდებათ. საათობრივი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, უნდა გაზრდილიყო, მაგრამ დანამატი სტატუსებისთვის ასე კატასტროფულად არ უნდა შეემცირებინათ“ ,— ეუბნება ნეტგაზეთს მასწავლებელი ნანა დაბრუნდაშვილი.
მისივე თქმით, საათების გადანაწილება მასწავლებლებს ერთმანეთთან დააპირისპირებს და არც ახალ კადრებს ექნებათ სკოლებში მუშაობის დაწყების სურვილი.
„წლების წინ, სანამ ეს სტატუსობრივი სქემა შემოვიდოდა, ყველაფერი საათებზე იყო დამოკიდებული და პირდაპირ ვიტყვი, რომ აგვისტოსა და სექტემბერში მასწავლებლებს შორის საათების გამო ხელჩართული ბრძოლა მიდიოდა. უკვე არაერთხელ შეგვიცვალეს სისტემა და განვითარებისკენ სვლას ნულიდან გვაწყებინებენ.
სისტემის ცვლილება მასწავლებლებს შორის ისევ დაპირისპირებას გამოიწვევს, რადგან ანაზღაურება ისედაც ცოტაა და არავის აქვს იმის ფუფუნება, საათები დათმოს. გარდა ამისა, სკოლებში ახალი კადრები აღარ შემოვლენ, რადგან მსგავს გარემოში მუშაობის მოტივაცია ახალგაზრდა მასწავლებელს არ ექნება“, — ამბობს ნანა დაბრუნდაშვილი.
შედარებით განსხვავებული მდგომარეობა აქვს კაზრეთის ერთ-ერთი სკოლის ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებელს, ნინო მელიქიშვილს, რომელსაც 3-წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში, უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის გამოცდები არ ჩაუბარებია, თუმცა შრომის ანაზღაურების წესის ცვლილება მასაც ეხება.
როგორც ნინო მელიქიშვილი ამბობს, მის საგნობრივ კატეგორიაში მასწავლებელს 15 საათზე მეტი გაკვეთილის ჩატარების საშუალება ფიზიკურად არ აქვს, შესაბამისად, კრიტერიუმებით, რომლებიც მთავრობის დოკუმენტშია მოცემული, ხელფასი ვერ გაეზრდება.
მისივე თქმით, დამწყებ მასწავლებლებს არ ექნებათ მოტივაცია, კვალიფიკაცია აიმაღლონ, რადგან წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ნამატი საგრძნობლად შემცირდა.
„მე ცოტა განსხვავებული შემთხვევა მაქვს, ვიდრე დანარჩენ მასწავლებლებს. „მცირესაათიანი“ მასწავლებელი ვარ და სკოლაში 15 საათზე ნაკლები მაქვს. ფრანგულის საათები ფიზიკურად 6-ზე მეტი არ არის სკოლაში. რაც შეეხება ინგლისური ენის საათებს — არის, მაგრამ რომელმა მასწავლებელმა არ უნდა აიღოს, რომ მე მომცეს? ყველას უნდა ხელფასის გაზრდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა რაც შეიძლება მეტ საათს აიღებს. ვის უნდა ჩამოვაკლო, მე რომ მეტი შემხვდეს? 15 საათზე ნაკლები სამუშაო დროის შემთხვევაში, ის კრიტერიუმები, რაც ახალ დადგებილებაში წერია — გამოცდილება, სტაჟი და ა.შ. — არც მოქმედებს.
მხოლოდ სამი წელია, რაც სკოლაში ვმუშაობ და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად გამოცდების ჩაბარება ფიზიკურად ვერ მოვასწარი. როცა სკოლაში მუშაობას ვიწყებდი, იმედი მქონდა, რომ მენტორი მასწავლებელი გავხდებოდი და ნორმალური ხელფასი მექნებოდა. ამ „ნორმალურ ხელფასშიც“ ძალიან ცოტა იგულისხმება, მაქსიმუმ, 1500 ლარი გამომსვლოდა ხელზე ასაღებად, მაგრამ ვფიქრობდი, რომ არაუშავდა. ახლა მენტორი მასწავლებლისთვის ნამატი მხოლოდ 300 ლარია, რაც მოტივაციას არ მაძლევს“, — ეუბნება ნინო მელიქიშვილი ნეტგაზეთს.
განათლების სამინისტროს დადგენილების თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ხელფასი ყველა მასწავლებელს, მინიმუმ, 200 ლარით უნდა გაეზარდოს.
მაგალითად, თუ ახალი სქემა მასწავლებლის ხელფასის კლებას ითვალისწინებს, განათლების სამინისტროს თანახმად, მას აღნიშნული ხელფასი შეუნარჩუნდება 2026-2027 წლამდე და დაემატება 200 ლარი. 2026 წლის შემოდგომიდან კი მისი ხელფასი ახალი სქემით შესაძლოა, შემცირდეს.
21 ივნისს განათლების სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც დედგენილებასთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ კითხვებს სცემს პასუხს.
კითხვა: დანამატი რომ მქონდა 1475 ლარი, ის დამაკლდა და გახდა 300 ლარი?პასუხი: სამჯერ გაიზარდა საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება, რამაც ძირითადად მოიცვა როგორც ძველი დანამატები ასევე საბაზო ხელფასი. 300-ლარიანი დანამატი აღარ არის მიბმული საათებზე და გაიცემა ფიქსირებულად. აქვე განვმარტავთ, რომ დაკლება არავის არ შეხებია, პირიქით, 200-ლარიანი მატება ყველა მასწავლებელს შეეხო, მიუხედავად საათებისა.კითხვა: ვარ დაწყებითის მასწავლებელი, წამყვანი, მაქვს 13 საათი. ახალი ფორმულით ხელფასი მაკლდება. რა ვქნათ დაწყებითის მასწავლებლებმა, როცა მეტი საათი არ არის?პასუხი: გარდამავალ 2-წლიან პერიოდში, ყველა მასწავლებელს გინარჩუნდებათ ძველი ანაზღაურება და დამატებით კიდევ გეძლევათ 200 ლარი. ამასთანავე, როგორც იცით, სისტემაში მიმდინარეობს მუშაობა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, პროფესიული განვითარების სქემაზე, სხვადასხვა პროგრამაზე, რომელიც გაითვალისწინებს სკოლების და კონკრეტული საგნების სპეციფიკას.კითხვა: მაქვს 7 საათი, სკოლაში მეტი საათი არ არის. ვარ მენტორი და ვიღებდი 2023 ლარს. ვიცი, რომ ახალი ხელფასით აქცენტს აკეთებთ საათებზე და გამომდის 1011 ლარი. რომელი თანხა მომეცემა?პასუხი: 2 წლის განმავლობაში გინარჩუნდებათ 2023 ლარი და დამატებით გეძლევათ 200 ლარი. ასევე, 1 ივლისიდან, საშვებულებო პერიოდშიც მოგეცემათ როგორც 2023 ლარი, ასევე დამატებით 200 ლარი, ცალკე ივლისის და ცალკე აგვისტოს თვის”, – წერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ფეისბუქზე და პასუხს ამ და კიდევ სხვა კითხებს სცემს.
როგორც მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის კრიტერიუმის შესაბამისად, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 20 ლარით გაეზრდებათ, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონეებს — 40 ლარით, ხოლო დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონეებს – 100 ლარით.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო სტაჟის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 15 ლარით გაეზრდებათ, 5-დან 10 წლის ჩათვლით – 30 ლარით, ხოლო 10 წლის ზემოთ – 45 ლარით.
გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით, არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის, საქართველოს ისტორიის ან გეოგრაფიის მასწავლებლებს ხელფასი 40.50 ლარით გაეზრდებათ. კლასის დამრიგებლებისთვის სახელფასო ნამატი 101.25 ლარი იქნება.
ზემოთ ჩამოთვლილი სამივე კრიტერიუმისთვის განსაზღვრული ოდენობები გაიცემა კვირაში 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
რაც შეეხებათ წამყვან თუ მენტორ მასწავლებლებს, დოკუმენტში ისიცაა აღნიშნული, რომ წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი 150 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი 300 ლარი იქნება.
დოკუმენტში მოცემულია მასწავლებლის ანაზღაურების გამოთვლის მაგალითიც. ამ მაგალითის მიხედვით, პედაგოგს, რომელსაც აქვს სამუშაო დატვირთვა – კვირაში 18 საგაკვეთილო საათი, აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება, აქვს 10 წლის ზემოთ სამუშაო სტაჟი, ამასთანავე, არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის საქართველოს ისტორიას და არის კლასის დამრიგებელი, თვიური ანაზღაურება 2 016 ლარი ექნება.