ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა

14 თებერვალი, 2023 • 572
საქართველოს მთავრობამ თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი გამოიყო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს.

ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.

დახმარებას მეზობელ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტიც აგზავნის. საქართველოს მოქალაქეებმა კი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 200 000 ლარზე მეტი შეაგროვეს.

200 ათასი მხოლოდ მოქალაქეებისგან — თბილისიდან თურქეთისკენ დახმარება დაიძრა

მასალების გადაბეჭდვის წესი