ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აზერბაიჯანს სანქციები დაუწესონ

13 თებერვალი, 2023 • 1244
ყარაბაღი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აზერბაიჯანს სანქციები დაუწესონ

ყარაბაღის ორთვიანი ბლოკადის გამო არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთუნიანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

როგორც სტეპანაკერტი  [მთიანი ყარაბაღი], ასევე, ერევანი მიზანმიმართული ტერორიზმის და ეთნიკური წმენდის აქტად აფასებს 120 ადამიანის ბლოკადას მთიან ყარაბაღში.

64 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის კორიდორი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.

საკვები პროდუქციის დეფიციტის გარდა, 41 საბავშვო ბაღი და  გახანგრძლივებული რეჟიმის მქონე 20 სკოლა საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტის გამო დაიკეტა და დაახლოებით 5500 ბავშვი საბავშვო ბაღის და სკოლის გარეშე დარჩა.

20 იანვრიდან ყარაბაღში სურსათის მაღაზიებში საკვები პროდუქტების შესაძენად სატალონე სისტემა შემოიღეს.

ლაჩინის კორიდორის ბლოკადა, რომელიც მთიან ყარაბაღში ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას”,- აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty international.

ერთადერთი გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 12 დეკემბრიდან არის ჩაკეტილი აზერბაიჯანელი “ეკოაქტივისტების” მიერ. ოფიციალურად მიზეზად მათ დაასახელეს ყარაბაღში არსებულ საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და იქ შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები.თუმცა სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი არის ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდა.აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ მძიმე პაციენტების სომხეთის ტერიტორიაზე გადასაყვანად აზერბაიჯანელი აქტივისტები “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” მანქანებს შეუფერხებლად ატარებენ.

ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება სტეპანაკერტში და ჩაკეტილ გზასთან ახლოს. ასევე, აქციებს მართავენ სომეხი აქტივისტები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას, რადგანაც, მათი მტკიცებით, სწორედ რუსმა სამშვიდობო ძალებმა აიღეს ვალდებულება, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ლაჩინის კორიდორს შეუფერხებლად ემუშავა.

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის გზის [ლაჩინის კორიდორი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს] ჩაკეტვის საკითხზე ყარაბაღში საინიციატივო ჯგუფმა “არცახის ქალები მომავლისთვის” ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე პეტიცია გამოაქვეყნა. პეტიციას რამდენიმე ათასი ხელმოწერა აქვს. მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ქალები სთხოვენ მას, დაეხმაროს ყარაბაღელებს ლაჩინის კორიდორის გახსნაში.

ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი