ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტანკები აფხაზეთის ომში

14 თებერვალი, 2023 • 3502
ტანკები აფხაზეთის ომში

გაბრიელ ჩუბინიძე, მკვლევარი, თბილისი


უკრაინის ომმა და მათთვის ტანკების გადაცემამ გაააქტიურა საუბარი საქართველოში (ისევე, როგორც მსოფლიოში)  ტანკების როლზე, ფუნქციასა და ეფექტურობაზე. ამ მხრივ, საქართველოს აქვს საინტერესო უახლესი წარსული. ბოლო 30- წლიან ისტორიაში ტანკი სხვადასხვა აქტივობით გამოიყენებოდა ყველა სამხედრო კონფლიქტში.

სამოქალაქო ომი დასავლეთ საქართველოში, ტანკი T-55АМ (საბორტე ნომრით 204), შახ აივაზოვის ფოტო.

სამოქალაქო ომი დასავლეთ საქართველოში, ტანკი T-55АМ (საბორტე ნომრით 204), შახ აივაზოვის ფოტო.

ტანკები საბრძოლო ამოცანით პირველად გამოჩნდნენ ქალაქში  1989 წლის 8-9 აპრილს. საერთო ჯამში, ყველაზე გრძელი საბრძოლო ისტორია აფხაზეთის ომში დაიწერა; ყველაზე მძიმე დანაკარგები კი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მივიღეთ, როცა სულ რაღაც 5 დღეში საქართველომ დაკარგა 44 ტანკი.

თანამედროვეობაში ტანკსაწინააღმდეგო იარაღი განვითარების ტემპით უსწრებს ტანკის ჯავშნისას. შესაბამისად, ამცირებს მის სიცოცხლისუნარიანობას. 2022 წელს დაწყებული რუსეთი-უკრაინის ომი კი ადასტურებს, რომ ტანკი ბრძოლის ველზე კვლავ შეუცვლელია, ხოლო მისი ეფექტურობა სრულად დამოკიდებულია არა ტანკის მონაცემებზე, არამედ სამხედრო ხელმძღვანელობაზე.

აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტისას ქართული მხარე უჩიოდა თითქმის ყველა იმ პრობლემას, რომელიც შეიძლება არსებობდეს: დაწყებული ტანკების ტექნიკურ გაუმართობიდან, დასრულებული ელემენტარული ლოჯისტიკური პრობლემებით. ეს ყველაფერი კი პირდაპირ აისახებოდა მის საბრძოლო ეფექტურობაზე.

1991 წლის 31 დეკემბერს, ახალ წელს თბილისი  შეხვდა იარაღის სროლისა და ტანკების გრუხუნის ქვეშ. იმ დროისთვის საქართველო ნამდვილად უჩიოდა შეიარაღების დეფიციტს, მაგრამ ქვეყანაში საკმარისი იარაღი იყო რუსთველის გამზირის დასანგრევად, მათ შორის- ჯავშანტექნიკა. თბილისის ომის დროს ქალაქის ცენტრში მრავალი სახის ჯავშანტექნიკამ (აღსანიშნავია ბუქსირებადი 122-იანი საარტილერიო ქვემეხის „გამოჩენაც“, რომელიც პირდაპირი დამიზნებით ესროდა პარლამენტს) მოიყარა თავი, მათ შორის იყო კუსტარული შემოქმედებაც – დაჯავშნულ გამწევ МТЛБ – ზე დაყენებული ალაზნის ტიპის რაკეტები. 23-24 დეკემბერს საქართველომ პირველი ტანკი დაკარგა – პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ტანკი, Т-55(А) საბორტე ნომრით 621, დღევანდელ სასტუმრო მერიოტთან განადგურდა. ეკიპაჟი გადარჩა და ტყვედ ჩავარდა [ინტერნეტ წყარო”თბილისის ომი, ტყვეები”]

როგორც ფოტო-ვიდეომასალებიდან ირკვევა, ბარიკადის მეორე მხარეს, თენგიზ კიტოვანის გვარდიასა და მხედრიონს სულ რაღაც ერთი ტანკი ჰქონდა, ასევე T-55 (მოდერნიზაცია AM) საბორტე ნომრით 609.

თბილისის ომი, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა კუთვნილი განადგურებული T-55(A) ტანკი. შახ აივაზოვის ფოტო.

თბილისის ომის შემდეგ, 1992 წლის 24 ივნისს, გამსახურდიას მომხრეების მიერ ტელევიზიის შენობაზე თავდასხმისას ტანკები ქალაქში კვლავ გამოჩნდნენ, ამჯერად ორი სტანდარტული T-55(A) (ერთ-ერთი საბორტე ნომრით 101). შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ იმდროინდელი სატანკო პარკი ვერ სცდებოდა თითზე ჩამოსათვლელ რაოდენობას. ეს გასაკვირი არც არის, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში იარაღის გადანაწილება ჯერ არ იყო დაწყებული. აქედან გამომდინარე, ტექნიკის ხელში ჩაგდება ძირითადად  რუსული ბაზებიდან ხდებოდა პირადი ნაცნობობით (ან ჩუმი დახმარებით) და კორუფციით, მეტ-ნაკლებად ლეგალურად კი ტექნიკა გამოჰყავდათ Досааф ის ბაზებიდან.

1992 წლის აგვისტოს დასაწყისში სამხედრო შიმშილი დასრულდა. ტაშკენტის ხელშეკრულებით საქართველოს გადაეცა ახალციხეში დისლოცირებული მე-10-ე მოტომსროლელი დივიზიის ხელთ არსებული შეიარაღება: 107 ტანკი T-55, 111 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-1 , 19 ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80, 48 მრავალფუნქციური გამწევი МТЛБ, 8 ზალპური ცეცხლრეაქტიული სისტემა БМ-21 ГРАД, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ა.შ. [წყარო: FBIS (United States. Foreign Broadcast Information Service), Central Eurasia · Issues 62–67 (1993)].

გადმოცემული ტანკები განსხვავდებოდა სტანდარტული T-55 ტიპის ტანკისგან (მას მინიჭებული ჰქონდა ინდექსი “AM”), ის მოდერნიზებული იყო სპეციალურად ავღანეთში საომრად და მორგებული იყო მის სპეციფიკას.

საბჭოთა პერიოდში სამხრეთ კავკასია ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად ითვლებოდა. სწორედ საქართველოსა და აზერბაიჯანში (სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიულად სუსტი მდებარეობის გამო სომხეთში ჯარის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო განლაგებული) დისლოცირებულ არმიებს უნდა ეწარმოებინათ ომი ნატოს ბლოკ თურქეთის წინააღმდეგ. საქართველოში, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, პოტენციური ომი წარიმართებოდა ახალციხე-ახალქალაქი მონაკვეთზე, სადაც შესაძლებელი არის სამხედრო პლაცდარმის გაშლა. პერესტროიკამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ კი თავისი ქნა: ომის საშიშროება გაქრა, ავანგარდში მყოფი ახალციხის დივიზია კადრირებული იყო, ხოლო ჯავშანტექნიკა აყვანილი იყო გრძელვადიან კონსერვაციაზე.

1992 წელს საქართველოში მიმდინარე სრულმა ქაოსმა განაპირობა ისიც, რომ მოცემული ბაზიდან რუსი ჯარისკაცები არალეგალურად, მასობრივად ჰყიდნენ შეიარაღებას სომხეთზე, რომელიც, თავის მხრივ, ომს აწარმოებდა ყარაბაღში. ცენტრალურ არქივში დაცული თავდაცვის სამინისტროს სხდომის ოქმის სტენოგრამიდან ვიგებთ, რომ რუსებს ზაფხულისთვის უკვე გაყიდული ჰქონდათ 50-მლნ მანეთის იარაღი. ამიტომაც, ქართული მხარე ითხოვდა შეიარაღების დაჩქარებული წესით გადაცემას. 1992 წლის 16 სექტემბერს, როცა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი ერთ თვის დაწყებული იყო, საქართველოს ესტუმრა ნატოს დელეგაცია. სტენოგრამიულ ჩანაწერში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ამერიკელ კოლეგას ეუბნება:

„რუსეთის არმიისგან მივიღეთ ძალზედ ძველი ტანკები, რომლებიც მოითხოვენ სერიოზულ რემონტს, რომლის საშუალებაც საქართველოს არ გააჩნია. ასე რომ, ისინი არ არიან სამხედრო მზადყოფნაში.“

მოსაზრება ტანკების სიძველესთან დაკავშირებით ნაწილობრივ არ შეესაბამება სიმართლეს. ტექნოლოგიურად, არსებული ტანკები წარმოადგენდა სტანდარტული T-55-ის მოდერნიზაციას. ავღანეთის ომის სტატისტიკის თანახმად, საბჭოთა კავშირმა მთელი ომის განმავლობაში დაკარგა 147 ტანკი. დანარჩენ შემთხვევაში, ის ექვემდებარებოდა აღდგენას. დაზიანების 75% მოდიოდა ნაღმებსა და თვითნაკეთ ფუგასებზე (ტანკების დიდი ნაწილი აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, ანუ ნადგურდებოდა 12-კგმიანი ასაფეთქებელი შიგთავისის მქონე ნაღმების დეტონაციის შემდეგ), დანარჩენი კი, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარტყორცნებზე.

ამ და სხვა სტატისტიკური თუ საბრძოლო პრაქტიკული მაგალითებიდან გამომდინარე, მოდერნიზებულ ტანკებს, ძველისგან განსხვავებით, გაუძლიერდა ჯავშანი – კოშკურაზე დაემატა ჯავშანფილები, რომელიც ერთიანად იძლეოდა 380-მმიან ჯავშანს კინეტიკური ჭურვების და 450-მმიანი კუმულაციურის წინააღმდეგ. გაძლიერდა კორპუსის ფრონტალური ჯავშანი (410მმ/390მმ) და გაიზარდა ნაღმების წინააღმდეგ მედეგობა, მათ შორის გაიზარდა ფსკერის ჯავშანი და ა.შ. ფრონტალური ჯავშანი- როგორც კორპუსზე, ისევე კოშკურაზე- სრულად საკმარისი იყო ხელითგადასატანი ყუმბარტყორცნ РПГ-7-ისგან თავდასაცავად.

სამოქალაქო ომი დასავლეთ საქართველოში, შახ აივაზოვის ფოტო. ტანკი T-55AM, რომელშიც ნათლად ჩანს მასზე არსებული ლაზერული მანძილმზომი, ჯავშანფილები კოშკურაზე და გაძლიერებული ჯავშანი კორპუსზე.

გარდა ჯავშნისა, ტანკს დაუმონტაჟდა ცეცხლის მართვის სისტემა „Волна“, დაემატა ლაზერული მანძილმზომი, ბალისტიკური გამომთვლელი, ახალი სამიზნე მოწყობილობები და ა.შ.

საერთო ჯამში, აფხაზეთის ომის პირველ ეტაპზე, მოცემული ტანკი სრულად საკმარისი იყო ეფექტური გამოყენებისთვის. მოწინააღმდეგეს თავდაპირველად საერთოდ არ ჰყავდა ტანკი, ხოლო ძირითად ტანკსაწინააღმდეგო იარაღს РПГ-7 წარმოადგენდა. პრობლემას წარმოადგენდა არა მისი სიძველე, არამედ მისი ტექნიკური მდგომარეობა: ტანკების დიდი ნაწილი, საბრძოლო წარსულისა და კონსერვაციაზე ყოფნის გამო, იყო რესურსგაცლილი და აუცილებლად ესაჭიროებოდათ რემონტი. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ეკიპაჟებს არ ჰქონდათ ათვისებული მოდერნიზებული ტანკები და არ იცოდნენ მისი სწორი ექსპლუატაცია.

„კონსერვაციას აქვს თავისი წესები, მან უნდა გაიაროს აუცილებელი მომსახურება, მე ისიც არ ვიცი, რუსი პრაპორშიკების ხელში რა ჰქონდა დარჩენილი ტანკს და ამოცლილი. . . ელემენტარულად, როცა კონსერვაციაში შედის, ის უნდა დაიზეთოს, ის ქვავდება მერე. აქედან გამომდინარე მისი მოცილება აუცილებელია, რაც ცალკე პროცესია. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა, ყველაფერი ჩქარ-ჩქარა ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, მე ბევრი პრობლემური ტანკი ვნახე- ზოგს ლულა არ უტრიალებდა, ან კოშკურას ჰქონდა პრობლემები. თავად ჯარისკაცები, როგორც წესი, აცლიდნენ საკურსო ტყვიამფრქვევს [7.62-მმიანი ПКТ], ხელით ატარებდნენ . . . არადა, კუსტარულად გადაკეთებული არც ტყვიამფრქვევი ვარგოდა და ტანკიც დაუცველი რჩებოდა, რადგან სწორედ მისით უნდა დაეცვა თავი მიახლოებული ქვეითებისგან, რომელიც ესროდა ამ РПГ-ს”, – ამბობს გენერალი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი [2004-2005] ნეტგაზეთთან საუბარში.

მიუხედავად უმძიმესი ტექნიკური მდგომარეობისა, 14 აგვისტოს სამტრედიიდან აფხაზეთისკენ დიდი კოლონა დაიძრა, რომელიც გზადაგზა მცირდებოდა – 7 ტანკი სხვადასხვა მიზეზით გაფუჭდა.

14 აგვისტოს ქართული გვარდია სოხუმში შესვლას შეეცადა, თუმცა, წარუმატებლად. სამხედრო ქვედანაყოფებში არ არსებობდა კოორდინაცია, აქედან გამომდინარე ჯავშანტექნიკა გადაადგილდებოდა, ერთი მხრივ, დაზვერვის გარეშე, მეორე მხრივ კი, მას თან არ მიჰყვებოდნენ ქვეითები. მაგალითად, თეთრ ხიდთან არსებულ აფხაზური პოზიციებისკენ დაძრული ტექნიკა ჩასაფრებაში მოჰყვა კინოთეატრ „აპსნისთან“. ქართულ ტანკს საბორტე ნომრით 150-ს მოწინააღმდეგის მიერ გასროლილი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ბორტში მოხვდა. მოდერნიზაციის წყალობით არსებულმა დამატებითმა ჯავშანმა კუმულაციური ეფექტი გაფანტა, თუმცა დააზიანა დამატებითი საწვავის ავზები და ტანკს გარედან ცეცხლი მოედო. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება ხიფათს არ წარმოადგენდა, როგორც ჩანს, ეკიპაჟმა ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო და ტანკი მიატოვა. მალევე ის აფხაზებმა ალაფად წაიღეს და იმავე დღეს დაიწყეს მისი გამოყენება. ამგვარად, მათ რიგებში პირველი ტანკიც ჩაეწერა (მოგვიანებით მას მიენიჭა ნომერი „001“ ).

ფოტო 1 – სოხუმში შესასვლელთან ემზადება ქართული ტანკი ნომრით 150. ფოტო 2. იგივე ტანკი ბრძოლების შემდგომ, დაზიანებული. ფოტო 3. იგივე ტანკი, მაგრამ უკვე აფხაზების კუთვნილი, ამუშავებს ქართულ პოზიციებს. კადრები ვიდეოქრონიკიდან.

აფხაზეთში, ავღანეთის ომის მსგავსად, ტანკების სამოქმედო არეალი მკვეთრად შეზღუდული იყო. მთაგორიანი რელიეფი ტანკისთვის აუცილებელ სამანევრო სივრცეს ამცირებდა და ვერ ავლენდა სრულ პოტენციალს. გენერალ ვახტანგ კაპანაძის თქმით, თუნდაც მსგავს პირობებშიც თავისუფლად შეიძლებოდა მისი ეფექტური გამოყენება:

„არ არსებობს გაუვალი ტერიტორია, თან ჩვენ არ ვსაუბრობთ სატანკო დივიზიის გამოყენებაზე. . . სატანკო ბატალიონის შეტევის სიგანე არის ერთი კილომეტრი, საბჭოთა დოქტრინით ტექნიკას შორის მანძილი უნდა იყოს 25-30 მეტრი, აფხაზეთი კი არ არის მარტო მთა და ზღვა, არის იქ ამისთვის საკმარისი სივრცე . . . სამი-ოთხი ტანკი ერთმანეთის დაზღვევით, მით უმეტეს, თუ მას ქვეითთა საბრძოლო მანქანა [БМП] დაუჭერდა მხარს საფარიდან-საფარამდე, შეიძლებოდა მისი გამოყენება, საცეცხლე პოზიციების შექმნა, რათა ერთმანეთის დაზღვევით ეწარმოებინათ ცეცხლი. . . ოპერატიულ დონეზე გეოგრაფია ნეიტრალურია, მთავარია, როგორ იყენებ შენ ამ ტერიტორიას“.

ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ქართული მხარე ტანკებს იყენებდა მეორე მსოფლიო ომში გავრცელებული პრაქტიკით, ინდივიდუალურად, როგორც მოიერიშე ქვემეხი, რომელიც მხარს უჭერდა ქვეითებს:

„ამოვიდოდა, დაგვეხმარებოდა, გააკეთებდა რამდენიმე გასროლას და მერე მიდიოდა. მისი გამოყენების ტექნიკა არ იყო ათვისებული, უმეტესად ტრაქტორისტები ისხდნენ, ერთი ბედნიერება იყო, თუკი ვიღაცა ჯარში ტანკისტად იყო ნამყოფი“.

აფხაზებს თავდაპირველ ეტაპზე საერთოდ არ გააჩნდათ ტანკი, სამაგიეროდ ომის მსვლელობისას ქართული მხარე ხშირად აჯილდოვებდა მიტოვებული ტექნიკით, ასე ივსებოდა აფხაზური სატანკო პარკიც. გაგრის დაცემის შემდეგ, თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგე ახალ T-72-ი ტიპის ტანკებს იყენებდა: [აფხაზურ შეტევას] წინ მიუძღვის მძიმე ტექნიკა: ორი ახალი ტიპის T-72, ხუთი БМП, ორი БТР.” [წყარო: გაზეთი 7 დღე, 18/07/1993, N22]

ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგაც კი ამ ფაქტის არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე საეჭვოდ ჟღერს იმ დროს გავრცელებული აზრი მისი „აუფეთქებლობის“ შესახებ, რადგან მოცემული ტანკის განადგურება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუნდაც იქ, გაგრაშიც კი არსებული შეიარაღებით. მეორე მხრივ, თუკი ეს მართლაც ტყუილია, არაა გამორიცხული, ეს ყოფილიყო ხელისუფლების შემოგდებული ჭორიც გაგრაში საკუთარი პოლიტიკური თუ სამხედრო კრახის გასამართლებლად.

1993 წლის მარტში სოხუმის ფრონტზე დაიწყო მძლავრი აფხაზური შეტევა, რომლის მიზანი სოხუმის აღება იყო. ქართული მხარე ინფორმირებული იყო მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და მომზადებულნი ელოდნენ. ბრძოლის ბედი პირველივე დღეს გადაწყდა, როცა ქართულმა არტილერიამ მოწინააღმდეგის შემტევი ჯგუფის ზურგი გაანადგურა, რითაც რეზერვის გარეშე დარჩა. მეორე დღეს აფხაზებმა უკან დაიხიეს, ყველაფერი კი ისე დასრულდა, რომ ბრძოლაში ტანკებისა ჩართვაც კი ვერ მოახერხეს.

ამავე პერიოდში სიტუაცია დაიძაბა ტყვარჩელის ფრონტზეც. სოფელ ლაბრასთან აფხაზები გააქტიურდნენ. პრევენციისთვის ოჩამჩირიდან ორი ტანკი გაიგზავნა (საბორტე ნორმით 116 და 193). 9 მარტს აფხაზებმა სოფელზე დაიწყეს მორიგი შეტევა. სოხუმის მსგავსად, ლაბრაში მოწინააღმდეგემ მძიმე დანაკარგები განიცადა. ისინი არ ელოდნენ ქართული ტანკების შეტევას:

„წინ 116-ე მარცხნივ მოტრიალებული ლულით მიემართებოდა და უკან მარჯვნივ მობრუნებული ლულით 193-ე მიჰყვებოდა“ [წყარო: ჟურნალი არსენალი, 25/06/2010 N13]

პირველივე შეტაკებისას აფხაზებმა ერთი ტანკი დაკარგეს (T-55AM საბორტე ნომრით 002 „ტიგრი“ ალაფად დარჩა ქართულ მხარეს), მოგვიანებით განადგურდა მეორე ტანკი (T-55AM საბორტე ნომერი 001 „აპსნი“) და მასთან ერთად ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2. ორივე ტანკი ოდესღაც ქართული არმიის საკუთრება იყო, მაგალითად, 001 „აპსნი“ მოწინააღმდეგემ სოფელ მერკულასთან 1992 წლის დეკემბერში ჩაიგდო ხელთ [წყარო: ჟურნალი არსენალი, 25/06/2010 N13]

შემდგომში, ლაბრასთან განადგურებული აფხაზური ტანკი (საბორტე ნომერი “001 АПСНЫ”).

ომის მიმდინარეობასთან ერთად, იზრდებოდა რუსული გავლენაც. მოგვიანებით, ტანკებს აფხაზები უპირისპირებდნენ იმ დროისთვის თანამედროვე მართვად ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Фагот-ს, რომელიც ორი კილომეტრიდანაც კი ხვრეტდა ქართულ ჯავშანს. პირველად, სისტემა რუსებმა 1992 წელს გამოიყენეს ეშერასთან ბრძოლებში, შემდგომში კი ხშირად ჩნდებოდა ხოლმე, მათ შორის აფხაზების ხელში. მაგალითად, დაზუსტებით ფიქსირდება მისი გამოყენება ტამიშის ბრძოლებსა და ახალდაბასთან 22 სექტემბერს, როცა ქართული ჯარი აწარმოებდა სოხუმი-ოჩამჩირის მაგისტრალის გახსნის მცდელობის ოპერაციას. ახალდაბაში ქართულმა მხარემ მინიმუმ ორი ტანკი დაკარგა (ორივე AM მოდერნიზაცია).

სოჭის ხელშეკრულების შედეგად, ჯავშანტექნიკის დიდმა ნაწილმა სოხუმი დატოვა, მეორე ნაწილი კი სოხუმში გადამალეს. ქალაქი, რომლის გარშემო მოწინააღმდეგეს ისედაც ყველაზე სტრატეგიული სიმაღლე ეკავა, ფაქტობრივად განწირული აღმოჩნდა დაცემისთვის. სექტემბრის ბოლოს აფხაზეთში ომი დასრულდა კიდეც.

14 აგვისტოს სამტრედიიდან აფხაზეთისკენ დაძრული ქართული ჯარი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა გრძელვადიანი ომისთვის. ტანკების დიდი ნაწილი იყო რესურსგაცლილი, ან მუშაობდა კრიტიკულ ნიშნულზე, რომელსაც თან ერთვოდა რელიეფის თავისებურებები, ტაქტიკის არარსებობა და პროფესიონალი ტანკისტების მწვავე დეფიციტი – ეს ყველაფერი კი გამორიცხავდა ტანკის სრული პოტენციალის გამოვლენას. მეორე მხრივ, ეს აკომპესირებდა კიდეც მის ნაკლს, რადგან მსგავს პრობლემას უჩიოდა მოწინააღმდეგეც, რომელიც შეიარაღებული იყო სწორედ ნაალაფარი ქართული ტანკებით. მით უმეტეს, როცა აფხაზების მიზანი შეტევითი ხასიათის იყო, რომელშიც ტანკის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია.

მიუხედავად ყველაფრისა, იმდროინდელმა სამხედრო ხელმძღვანელობამ სრულად გაფლანგა თავდაპირველი სამხედრო უპირატესობა. ფრონტზე არსებული ქაოსისა და ხელმძღვანელობის წინდაუხედაობის გამო, მოწინაღმდეგემ ხელთ იგდო ათეულობით ჯავშანტექნიკა, რომელიც შესანიშნავად გამოიყენა გაგრის, სოხუმის და ოჩამჩირის აღებისთვის, მეტიც, ეს შეიარაღება დღემდე აქტიურად ირიცხება აფხაზურ არმიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი