ახალი ამბები

სააკაშვილი ომბუდსმენს კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს

10 თებერვალი, 2023 • 1209
სააკაშვილი ომბუდსმენს კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს და სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს.

მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ომბუდსმენის გარდა არავის აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი ექსპერტები გაუგზავნოს:

„საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თამარ გვარამაძეს. მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი.

ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეს. ბურჯანაძის თქმით, კონსილიუმი მუშაობას აგრძელებს და ომბუდსმენის გეგმებში შედის შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა:

„კონსილიუმი აგრძელებს საქმიანობას, კონსულტაციებს ვახორციელებთ სპეციალისტებთან და როგორც კი იქნება შესაძლებლობა გვექნება, ჩვენს გეგმებში შედის რომ ვიზიტი განვახორციელოთ და შევაფასოთ ის მდგომარეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს,“ — ამბობს გიორგი ბურჯანაძე.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში სტრასბურგში გაასაჩივრებენ. ენმ კი ამბობს, რომ იწყებს პერმანენტულ აქციებს.

ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:

ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სააკაშვილის საკითხს ეხმაურებიან
ყოფილი ლიდერები სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ
კიევი: გადმოგვეცით სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი