“ლაჩინის კორიდორის ბლოკადა, რომელიც მთიან ყარაბაღში ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას”- აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty international.
ორგანიზაცია განცხადებაში საუბრობს ერთადერთი სასიცოცხლო გზის ბლოკადით გამოუწვეული საკვები პროდუქტისა და საწვავის უკმარისობის შესახებ.
Amnesty international მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას და რუს სამშვიდობო კონტინგენტს, დაუყოვნებლივ გახსნან დერეფანი და დაასრულონ ჰუმანიტარული კრიზისი.
61 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის კორიდორი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.
საკვები პროდუქციის დეფიციტის გარდა, 41 საბავშვო ბაღი და გახანგრძლივებული რეჟიმის მქონე 20 სკოლა საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტის გამო დაიკეტა და დაახლოებით 5500 ბავშვი საბავშვო ბაღის და სკოლის გარეშე დარჩა.
აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ მძიმე პაციენტების სომხეთის ტერიტორიაზე გადასაყვანად აზერბაიჯანელი აქტივისტები “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” მანქანებს შეუფერხებლად ატარებენ.
ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება სტეპანაკერტში და ჩაკეტილ გზასთან ახლოს. ასევე, აქციებს მართავენ სომეხი აქტივისტები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას, რადგანაც, მათი მტკიცებით, სწორედ რუსმა სამშვიდობო ძალებმა აიღეს ვალდებულება, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ლაჩინის კორიდორს შეუფერხებლად ემუშავა.
აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის გზის [ლაჩინის კორიდორი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს] ჩაკეტვის საკითხზე ყარაბაღში საინიციატივო ჯგუფმა “არცახის ქალები მომავლისთვის” ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე პეტიცია გამოაქვეყნა. პეტიციას რამდენიმე ათასი ხელმოწერა აქვს. მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ქალები სთხოვენ მას, დაეხმაროს ყარაბაღელებს ლაჩინის კორიდორის გახსნაში.