ახალი ამბები

ციგურაობის ფედერაცია არ ადასტურებს გუბანოვას მონაწილეობას მოსკოვში დაგეგმილ შოუში

8 თებერვალი, 2023 • 776
ციგურაობის ფედერაცია არ ადასტურებს გუბანოვას მონაწილეობას მოსკოვში დაგეგმილ შოუში

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებით, ანასტანია გუბანოვა არ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალზე.

საუბარია აფიშაზე, რომლის თანახმადაც, გუბანოვამ 14 თებერვალს საციგურაო ფესტივალში „შეყვარებულები ფიგურულ სრიალზე“ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს ფესტივალი მოსკოვის სპორტის დეპარტამენტის მიერ ფინანსდება.

ამ ინფორმაციას ფედერაციაში უარყოფენ და ამბობენ, რომ სიცრუეა, თითქოს გუბანოვა მონაწილეობას მიიღებს რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.

„ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს“.


ანასტასია გუბანოვა  ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრია. მან 28 იანვარს საქართველოს სახელით ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. 

არაერთი ჯილდოს პრიზიორი ანასტასია გუბანოვა რუსი მოციგურავეა, ის მოღვაწეობდა, როგორც მოსკოვის, ასევე სანქტ-პეტერბურგის სხვადასხვა სპორტულ კლუბებში. 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ უფლება მისცა გუბანოვას საქართველოს სახელით გამოსულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი