ახალი ამბები

პაპუაშვილის თქმით, „ოცნება“ დავით აღმაშენებლის მიდგომებს განასახიერებს

8 თებერვალი, 2023 •
პაპუაშვილის თქმით, „ოცნება“ დავით აღმაშენებლის მიდგომებს განასახიერებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ განასახიერებს.

ამის შესახებ პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. ბატონმა არმაზმა [ახვლედიანმა] იკითხა, რით შევიდა დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში და თქვა, რომ სწორი მიზნებით. არ გეთანხმებით. სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა, მაგრამ ბევრი მეფე ვერ შევიდა ისე ისტორიაში, როგორც შევიდა დავით აღმაშენებელი“, — თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დავით აღმაშენებელი ისტორიაში შევიდა იმით, რომ „სწორ მიზნებთან, მხურვალე ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, მას ჰქონდა ცივი და რაციონალური გონი“.

„სწორედ ამ ცივი, რაციონალური გონით და საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში და დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის სწორედ „ქართული ოცნება“, რომელიც ცხელი, პატრიოტული გულით და ცივი, რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების სიკეთეს ყველა ვხედავთ იმ სიმშვიდით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს უზრუნველყოფილი; იმ ეკონომიკური წინსვლით, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა გრძნობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი