ახალი ამბები

ვრცელდება ვიდეო, სადაც სავარაუდოდ “ვაგნერელები” საკუთარ მეთაურს ნიჩბებს ურტყამენ

8 თებერვალი, 2023 • 1752
ვრცელდება ვიდეო, სადაც სავარაუდოდ “ვაგნერელები” საკუთარ მეთაურს ნიჩბებს ურტყამენ

უკრაინული მხარე ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემენ რუსი სამხედროები თავიანთ დაჭრილ მეთაურს ნიჩბებით.

როგორც The Guardian წერს, უკრაინული მხარის განცხადებით, ვიდეო ბახმუტთან ახლოს დრონითაა გადაღებული და ასახავს ვაგნერის დაჯგუფების წევრების ქმედებას. კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევს ოთხი სამხედრო დაჭრილ ოფიცერს სახლის ნანგრევებთან, შემდგომ კი, სავარაუდოდ, ნიჩბებით უსწორდებიან.

კადრები, სავარაუდოდ, კვირის დასაწყისშია გადაღებული და უკრაინულ მედიაარხებზე ორშაბათს გავრცელდა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორია კადრებზე აღბეჭდილი დაჭრილი ოფიცრის მდგომარეობა, თუმცა The Guardian აღნიშნავს, რომ კადრები თანხვედრაშია იმ ცნობებთან, რაც რუსი დაქირავებული მებრძოლების მორალზე ვრცელდება.

უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ბახმუტში და მის გარშემო იბრძვიან, ყვებიან, თუ რა მეთოდებს იყენებენ ბრძოლაში ვაგნერის წევრები ერთმანეთის მიმართაც. The Guardian აცხადებს, რომ არსებობს დაჯგუფების შიგნით სიკვდილის დასჯის შესახებ ცნობებიც.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, „ვაგნერის“ დაჯგუფება უკრაინაში 50 ათასამდე მებრძოლს ხელმძღვანელობს და ამ ომის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს რუსეთის მხრიდან.

„ვაგნერის“ დაჯგუფების  ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა ციხეში დადიოდა და მსჯავრდებულებს საომრად წასვლის სანაცვლოდ სამომავლო ამნისტიას სთავაზობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი