ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადება სასწრაფოების, კურიერების, მძღოლებისა და ოპერატორების პროტესტზე

7 თებერვალი, 2023 • 740
ომბუდსმენის განცხადება სასწრაფოების, კურიერების, მძღოლებისა და ოპერატორების პროტესტზე

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პირთა საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით.

განცხადება, რომელიც ეხება სასწრაფოს ექიმებისა და მძღოლების, „ბოლტის“, „ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერების აქციას, ასევე „ფორმულას“ ოპერატორების გაფიცვას, აპარატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, „დამსაქმებლებმა გააცნობიერონ, რომ შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება“.

„გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს საქართველოც, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს.

როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს დამსაქმებლებს, დასაქმებულების მხრიდან შრომის არსებით პირობებთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევებში (მიუხედავად იმ გარემოებისა, დაცულია თუ არა შრომით დავასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები), ჰქონდეთ დასაქმებულებთან აქტიური კომუნიკაცია, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავონ მათი ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული ქმედებებისგან. მით უმეტეს, არ მიმართონ ისეთ რადიკალურ ღონისძიებებს, როგორიც დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაა.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, დასაქმებულთა დისკრიმინაციის და შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს შესაბამისი საკითხი“, – ნათქვამია განცხადებაში.


ტელეკომპანია „ფორმულამ“ 24 ოპერატორი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა, რასაც წინ უძღოდა ოპერატორთა ბოიკოტი  – ისინი უარს აცხადებდნენ მუშაობაზე მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. ოპერატორები ითხოვდნენ ანაზღაურების გაზრდას.

„ფორმულას“ განცხადებით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობ ჰქონდათ, თუმცა ოპერატორები თავიან „ულტიმატუმებზე“ იყვნენ. ამასთან, „ფორმულა“ აცხადებს, რომ გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი დაცული არ იყო.

რაც შეეხება, საკურიერო კომპანიებს.  5 თებერვალს, თბილისში კიდევ ერთი გაიმართა — საკურიერო კომპანია „ვოლტის“ კურიერების შემდეგ აქცია გამართეს ტაქსის კომპანია „ბოლტის“ მძღოლებმაც. ისინი ტარიფების გაზრდას ითხოვენ.

საქართველოში რამდენიმე თვეა, რაც სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი