ახალი ამბები

წითლიძე: მომხრე ვარ, დავტოვოთ საპარლამენტო და საკრებულოს მანდატები

7 თებერვალი, 2023 • 811
წითლიძე: მომხრე ვარ, დავტოვოთ საპარლამენტო და საკრებულოს მანდატები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს უარის შემდეგ მისთვის წარმოუდგენელია საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება.

დეპუტატი აცხადებს, რომ ემხრობა პარლამენტიდან და საკრებულოებიდან პარტიის დეპუტატების გამოსვლას:

„საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის შემდეგი: იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ სასამართლომ, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ან პარლამენტში, ან საკრებულოებში.

ამიტომ მე მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის, თბილისის საკრებულოდან გამოსვლის. ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც პარლამენტის მანდატის დატოვებას ემხრობა, საკრებულოებიდან გამოსვლას — არა.

შესაბამისად, პოზიცია, ნახევარ-ნახევარი ვაკეთოთ, მიშას რომ კლავენ, ეს არ შევიმჩნიოთ, სწორი არ მგონია. თუ გამოვდივართ და ამ გზას ვირჩევთ, უნდა გამოვიდეთ ყველა რგოლიდან და პარტიის ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს  ყველასთან შეთანხმებული პოზიცია. ჩვენ რუსული ოცნება ყველგან მარტო უნდა დავტოვოთ“, – ამბობს ანა წითლიძე.

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების მოთხოვნა, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი