ახალი ამბები

დამანგრეველი მიწისძვრა: თურქეთი საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

6 თებერვალი, 2023 • 1640
დამანგრეველი მიწისძვრა: თურქეთი საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში თურქეთი ითხოვს საერთაშორისო დახმარებას. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება აცხადებს, რომ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 32 ბიძგი მოჰყვა, მათ შორის, ერთ-ერთი 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მან მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და ქვეყანას მომხდარის გამო.

„ვუსურვებ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას. ჩვენ თურქეთის ხალხის გვერდით ვდგავართ და მზად ვართ, ყველანაირი დახმარება გავწიოთ“, – წერს ღარიბაშვილი.

დახმარების მზადყოფნის შესახებ განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

„ყველა დაშავებულს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე დროს, ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის მოსახლეობას. ჩვენ მზად ვართ, ყველა აუცილებელი დახმარება გავწიოთ კატასტროფის შედეგების დაძლევაში“, – წერს ზელენსკი.


წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი