ახალი ამბები

EU-ს ელჩი ევროკომისიის ანგარიშზე: ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია

3 თებერვალი, 2023 • 1547
EU-ს ელჩი ევროკომისიის ანგარიშზე: ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი განცხადებას ავრცელებს და ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს აფასებს. ელჩის განცხადებით, დოკუმენტი აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და საქართველოს მთავრობის მიერ შევსებულ კითხვარს ეფუძნება:

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა.

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით  საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია, ევროკავშირი, ჩვენ, მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ევროკომისიამ 2 თებერვალს გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას. ანგარიშები ავსებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომელიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, უკრაინასა და მოლდოვას  კი– კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ანგარიშებში კომისიამ შეაფასა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA), მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.

სამივე განმცხადებელი შეფასდა ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე.

საქართველოში ევროკავშირის საელჩოს განცხადებით, დღევანდელი ანალიტიკური ანგარიშები გვაძლევს წარმოდგენას სამი ქვეყნის შესაძლებლობებთან მიმართებაში, შეასრულონ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი