ახალი ამბები

ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის — კიევის მიმართვა თბილისს

2 თებერვალი, 2023 • 909
ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის — კიევის მიმართვა თბილისს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად აპროტესტებს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოფიციალურმა კიევმა დღეს, 2 თებერვალს გაავრცელა.

უწყების სიტყვებით, “საბჭოთა კავშირისა და [სსრკ-ს] შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყველაზე უარესი ტრადიციებით, საქართველოს ხელისუფლება ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიმართავს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არ უზრუნველყოფს მისთვის სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო დახმარებას და განზრახ უქმნის საფრთხეს მის სიცოცხლეს”.

“უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის”, — ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება ასევე მიმართავს უცხო ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, “საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო”.

ზელენსკი სააკაშვილის ფოტოებით ხელში. 01.02.23 კიევი, უკრაინა 

პირველ თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ისაა, რომ ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიეცეს.

სააკაშვილი 2020 წლის მაისიდან უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია. სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა, გასული წლები, ძირითადად სწორედ უკრაინაში გაატარა, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფება, სააკაშვილი კვლავ რჩება რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ, ისევე როგორც ინარჩუნებს უკრაინის მოქალაქეობას.

იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სააკაშვილის საკითხზე ავსტრიის პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციისას, კიევში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი